ლელა სტურუა - საქართველოში თამბაქოს მოხმარებით 11 400 ადამიანი იღუპება, საიდანაც 300 ბავშვია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას განცხადებით, მსოფლიოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით რვა მილიონი ადამიანი იღუპება. როგორც ლელა სტურუამ განაცხადა, საქართველოში თამბაქოს მოხმარებით დაღუპულთა რიცხვი 11 ათასს აჭარბებს.
„წელს, კოვიდის პერიოდში ძალიან ბევრმა სხვადასხვა ინდუსტრიამ შეცვალა თავისი მოქმედება და ბიზნესი. მაგალითად, ღვინისა და ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანიებმა დაიწყეს სადეზინფექციო ხსნარების წარმოება. ტექსტილზე და მსუბუქ მრეწველობაზე მომუშავეებმა დაიწყეს ნიღბების წარმოება. თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა და კიდევ უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები. გვესმის, რომ ბევრი ქვეყანა, მით უმეტეს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანა, იძულებულია, გარკვეული შენაწირები მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიიდან, მაგრამ ეს უკან არ უნდა წევდეს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებით იღუპება რვა მილიონი ადამიანი, ხოლო საქართველოში – 11 400 ადამიანი. ყოველი მეოთხე ადამიანი თამბაქოს მოხმარებით იღუპება, სამიათასამდე იღუპება თამბაქოს პასიური მოხმარებით, აქედან 300 არის ბავშვი. ყოველ დღე თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტური ხრიკების გამო, ერთი ბავშვი გვეღუპება ქვეყანაში“, – განაცხადა ლელა სტურუამ.