ლელა ჩიქოვანი - ნატო-საქართველოს სწავლება მიმართულია თავდაცვისუნარიანობაზე და არავითარ შემთხვევაში სხვა ქვეყნის წინააღმდეგ
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი სწავლება უნიკალურია თავის მახასიათებლებში. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივის ქვეშ პირველადი დაგეგმვის ფაზიდან აღსრულების ფაზამდე ნატო-ს სწავლებას ხელმძღვანელობს, მასპინძლობს და უძღვება საქართველო. ეს არის ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, -ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2019-ის“ ოფიციალურად გახსნაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უპრეცედენტოა სწავლებაში მონაწილეთა რაოდენობა – ნატო-ს 24 წევრი და არაწევრი ქვეყნის 350-ზე მეტი წარმომადგენელი.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული არის დემონსტრირება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმებისა და ტრანსფორმაციის ხაზის. ბატონი სტოლტენბერგის შეფასებებში მან საქართველოს კრიტიკული პარტნიორი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უმეტესი ინიციატივების პროგრესი და წარმატება. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული სწავლება არის კონცენტრირებული და ფოკუსირებული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. სწავლება ემსახურება ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ხარისხის გაუმჯობესებას, თავდაცვის შეკავების, პოლიტიკის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ განამტკიცებს პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ნატო-ს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან. სწავლება არის კიდევ ერთი დემონსტრირება მეტი ნატო-სი საქართველოში და მეტი საქართველოსი ნატო-ში“,-განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დღეს „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა. სწავლება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი ლადისლავ იუნგმა გახსნეს.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) გაიმართება და მასში 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიიღებს მონაწილეობას.