„ლეიბორისტული პარტია“ მათი წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის გათავისუფლებას ითხოვს. დაცვის მხარემ დღეს სასამართლოს მიერ ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
საქალაქო სასამართლოში ჩხარტიშვილის ადვოკატთან ერთად პარტიის წარმომადგენელი გიორგი გუგავა მივიდა.
გუგავას თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ხუთი მარცვალი ლობიოს ჰაერში აყრის გამო დააკავეს.
„ჩვენ გავასაჩივრეთ ის აბსურდული გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა სასამართლომ, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში, როდესაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი დააპატიმრეს ხუთი მარცვალი ლობიოს ჰაერში აყრისთვის. ჩვენ კი ვიცოდით რა უკანონო სასამართლოსთან გვქონდა საქმე, მაგრამ თუ მთლად ასე ამოლესილი ლობიოსავით იყვნენ, ამას ვერ წარმოვიდგენდით. ალბათ, მალე ლობიოს შეიტანენ აკრძალულ ნივთიერებათა ნუსხაში და ყველაზე მძაფრ იარაღად გამოაცხადებენ აქციების დროს. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არის აბსურდი, ალბათ შესატანია სახელმძღვანელოებში, თუ რა დონეზე შეიძლება, დაეცეს რეჟიმი და აქედან გამომდინარე დიდი იმედი არ გვაქვს, რომ ჩვენი სარჩელი განხილული იქნება ობიექტურად და ლაშას გაათავისუფლებენ, მაგრამ ჩვენ მაინც გამოვიყენეთ ჩვენი კანონიერი უფლება“ ,- განაცხადა გუგავამ.
რაც შეეხება ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, გუგავა ამბობს, რომ აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას აიძულებენ, კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ.
„იქნება კვლავ მწვავე აქციები, დემონსტრაციები და ხელისუფლების იძულება, რომ დაბრუნდეს კანონიერების და კონსტიტუციურ ჩარჩოში. ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, რომ დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ, კეთილი ინებონ და აღასრულონ ის დაპირება, რომელიც გაიცა ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ. პროპორციული არჩევნების წესი უნდა იქნეს შემოღებული, რათა მშვიდობიანი, სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გზით შეიცვალოს არსებული დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელსაც გამოაქვს ისეთი აბსურდული გადაწყვეტილებები, როგორიც ლობიოზე დაჭერაა“ ,- აღნიშნა გიორგი გუგავამ.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ლაშა ჩხარტიშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.