„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები სამომავლო გეგმებზე, ასევე პროტესტის გაგრძელების ფორმებზე მსჯელობენ.
ამასთან საუბარი შეეხება საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდს, რომელიც ხვალ იგეგმება. ოპოზიცია ამ საკითხზე წინადადებებს ხელისუფლების მხრიდან ელოდება.
„შესაძლო პროექტთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, ხვალ მივალთ შეხვედრაზე და ვნახავთ. საქართველოს მოქალაქის დაკვეთა არის პროპორციული, გამჭვირვალე, დასავლური სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლებას არ სურს ეს, რადგან ამ პირობებში გამორიცხულია მათთვის ერთპარტიული მმართველობის შენარჩუნება. შესაბამისად, არ მგონია, ხვალ ისეთი რაღაც მოიტანონ, რასაც საქართველოს მოქალაქე მიიღებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.
მისი შეფასებით, ხელისუფლების მონაწილეობა დიალოგში საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგია.
„ისინი რომ დიალოგში იმყოფებიან, ეს საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგია, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ, ეს წვალება შეწყვიტონ და ისე გააკეთონ, რომ დიალოგი დასრულდეს მათთვის სასურველი შედეგით, მაგრამ ეს არ გამოვა, არ მიიღებს ამას საქართველოს მოქალაქე. 2020 წლის არჩევნები გადამწყვეტი არჩევნებია ხელისუფლების შეცვლისთვის. უნდა დავგეგმოთ, რას ვაკეთებთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.