„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს
„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ჯაჭვით გადაკეტეს თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი.
„ჩვენი მოთხოვნაა, აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა. ხალხი სამსახურებში ვერ მიდის. ჩვენ არ გამოვუშვებთ არც ერთ მანქანას, რომელიც მერიის სამსახურს ეკუთვნის“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ამირან ნატრიაშვილმა.
როგორც აქციის მონაწილე მამუკა ჯუღელმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის გამო ხალხი სამსახურამდე მისასვლელად კილომეტრობით მანძილს ფეხით გადის.
„იმ არალეგიტიმურმა მთავრობამ, რომელმაც გააგრძელა კომენდანტის საათი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდვა, დროულად მოხსნას ყველა რეგულაცია, რომელიც ღარიბ ფენას კიდევ უფრო აღარიბებს. კეთილი ინებოს კახა კალაძემ, სხვა მინისტრებმა და მაღალჩინოსნებმა, როგორც რიგითი ადამიანები პურის საშოვნელად ყოველდღე სამსახურში წასავლელად ათობით კილომეტრს ფეხით გადიან, ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა.