„აზოვისა“ და უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელებმა ალყაშემორტმული მარიუპოლიდან ერთობლივი ვიდეომიმართვა გაავრცელეს
„აზოვისა“ და უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელებმა ალყაშემორტმული მარიუპოლიდან ერთობლივი ვიდეომიმართვა გაავრცელეს

გმირებად არ გამოაცხადოთ დეზერტირები და მებრძოლები, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაბარდნენ ტყვედ, მათ სირცხვილის გზა აირჩიეს და მათი განდიდება არ ღირს, – ამის შესახებ ლეგიონ „აზოვის“ მეთაურმა, დენის პროკოპენკომ განაცხადა.

ლეგიონი „აზოვის“ და უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელებმა ალყაშემორტმულ ქალაქ მარიუპოლიდან ერთობლივი ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც წარმატებულ ოპერაციაზე საუბრობენ.

„გუშინ ჩვენ გავერთიანდით საზღვაო ქვეითების ღირსეულ მებრძოლებთან ერთად. ნამდვილ მეომრებთან და გმირებთან, რომლებიც ფიცის და უკრაინელი ერის ერთგული დარჩნენ და აგრძელებენ ქალაქისთვის ბრძოლას. ესენი ნამდვილი კაცები არიან, რომლებმაც ბრძოლის გზა აირჩიეს. გმირებად არ გამოაცხადოთ დეზერტირები და მებრძოლები, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაბარდნენ ტყვედ, მათ სირცხვილის გზა აირჩიეს და მათი განდიდება არ ღირს“, – განაცხადა დენის პროკოპენკომ.

​თავის მხრივ, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელმა, სერგეი ვოლინამ თქვა, რომ ლეგიონი ​„აზოვთან“ ერთად წარმატებული გადაჯგუფება მოხდა.

„ჩვენი მორალური სული ძლიერია, ვიცით, რას ვაკეთებთ და რატომ ვართ აქ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია საბრძოლო ამოცანების წარმატებულად განხორციელებისთვის“,- განაცხადა სერგეი ვოლინამ.

მარიუპოლში საზღვაო ქვეითების ნაწილის ტყვედ ჩაბარება დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა და თქვა, რომ ალყის გარღვევის დროს ჯარისკაცები დაშორდნენ ერთმანეთს და სიტუაციიდან გამომდინარე იღებდნენ გადაწყვეტილებებს.