ლეგენდები | კობა წაქაძე - მამამ ბაზარში დედაჩემის მოქსოვილი სვიტერი გაყიდა და თხილამურები მიყიდა [ვიდეო] #1TVSPORT 

4 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიადა დაიწყება, რომლის რეპორტაჟებსაც საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. სპორტის ზამთრის სახეობებში, ზაფხულის ოლიმპიური სახეობებისგან განსხვავებით, მედლებით განებივრებულები არ ვართ, თუმცა არაერთი ლეგენდარული სპორტსმენი გვყოლია. თუნდაც ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე, რომელიც პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც ზამთრის ოთხ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.

ბაკურიანში პირველი ტრამპლინი 1934 წელს აშენდა, იმ დროს საქართველოს სპორტკომიტეტში ზამთრის სახეობათა კურატორი ცნობილი ალპინისტი სანდრო გვალია იყო და სწორედ ის გახლდათ ბაკურიანში ტრამპლინის მოწყობის ინიციატორი.

ლეგენდარული ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე იხსენებს იმ დროს როდესაც 7-8 წლის იყო:

„მაშინ ბაკურიანში ხშირად ისვენებდნენ ბერიას, მოლოტოვისა და სხვა საბჭოელი მაღალჩინოსნების მეუღლეები. ისინი ტყესთან პატარა სახლში ცხოვრობდნენ სადილობას, რომ დაასრულებდნენ სუფრას სპეციალურად არ ალაგებდნენ და გარეთ გამოდიოდნენ რადგან იცოდნენ, რომ ჩვენ ბაკურიანელი ბიჭები ამ მომენტს იქვე დამალულები ველოდებოდით და როდესაც დაცვა გვანიშნებდა გიჟებით გავრბოდით საჭმლის ნარჩენები, რომ წამოგვეღო… მაშინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო და ტოკიოში იმპერატორ ხიროხიტოს აპარტამენტებში ცხოვრება მომიწევდა“.

თხილამურებით სრიალი ბიძამ დედის ძმამ ასწავლა, პირველი თხილამური კი მამამ უყიდა.

„მაშინ მამამ ბაზარში დედაჩემის მოქსოვილი სვიტერი გაყიდა. იმ ფულით საჩუქარი გამიკეთა… თავად ორ დღეში გარდაიცვალა“, – იხსენებს კობა წაქაძე.

ასაკით პატარა იყო როდესაც რუს სამხედროს არაყი ნამდვილ თხილამურში გაუცვალა და ასე დაიწყო ყველაფერი.

„მეორე მსოფლიო ომის დროს ბაკურიანში სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული. სადაც კი სამხედროები წავიდოდნენ ბავშვები ყველგან დავყვებოდით, ვეხმარებოდით, სანაცვლოდ კი შვრიას გვაძლევდნენ. დედა შვრიას რძეში დაალბობდა და ეს ჩვენთვის ნამდვილი დელიკატესი იყო“.

1960 წელს, სკვო-ველის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, ჟურნალ „ნიუ იორკ თაიმზის” ჟურნალისტი თორლიფ შელდრაპი დაწერს:

წაქაძემ თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის ახალი სტილი, ალბათ, თავისდაუნებურად შექმნა. ჰაერში ის საერთოდ არ იხრება წელში. მისი სხეული გამართული და მოშვებულია. ისე იხრება წინ, რომ მისი სახე თითქმის თხილამურების წვერებს ეხება, ხელები სხეულის გასწვრივ თავი კი მაღლა აქვს აწეული. მას თხილამურის სამაგრები ისე აქვს მოჭერილი, რომ მხოლოდ ფეხის წვერებით ეხება თხილამურების ზედაპირს. ის ძალიან შორს ხტება და მისი ფრენა საოცრად ლამაზია“.

კობა წაქაძე:

„ბავშვობაში ბაკურიანის გარშემო მწყემსად დავდიოდი ხოლმე და თან მელიებზე და კურდღლებზე არწივების ნადირობას ვაკვირდებოდი. ცაში წერტილი გამოჩნდებოდა, დატრიალდებოდა და როდესაც მინდორში მსხვერპლს დაინახავდა, ფრთებს სხეულზე მიიკრავდა, კისერს გაჭიმავდა და ძირს ტყვიასავით ეშვებოდა. ერთხელაც ვარჯიშის დროს უცებ ეს სურათი გამახსენდა და ხელები სხეულის გასწვრივ დავიდე, ნახტომიც მშვენიერი გამოვიდა და როდესაც საერთშორისო შეჯიბრზე ასე გადმოვხტი აღმოჩნდა, რომ პირველი ვიყავი ვინც ასე იფრინა და მას შემდეგ ეს ნახტომი მსოფლიომ წაქაძის ნახტომად აღიარა“.

ქართველ ტრამპლინიდან მხტომელს, რომელსაც მოგვიანებით „მფრინავი ტორპედო“ შეარქვეს 54 საერთაშორისო შეჯიბრი აქვს მოგებული.

მოსწავლე იყო როდესაც ზამთარში შენობის სახურავიდან გადმოხტა, სკოლიდან რიცხავდნენ, მაშინ ქართულის მასწავლებელმა დაიცვა – რას ერჩით, ცოცხალი ბავშვია, სხვებივით გაკვეთილზე კი არ იძინებსო.

როდესაც ტრამპლინიდან ხტომაში ვარჯიში სერიოზულად დაიწყო დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში 20-25 ნახტომს ასრულებდა დღეს ამბობს, რომ ყველაზე მეტად ტრამპლინის კიბეებზე ასვლა ეჯავრებოდა რადგან ძალიან იღლებოდა, თან მაშინ თხილამური 12 კგ-ზე მეტს იწონიდა.

შიში არასდროს ჰქონია, როდესაც სტარტზე საკუთარ გვარ-სახელს გაიგონებდა თავს შემოუძახებდა – სულ, რომ თავით დაერჭო, მაინც შორს და ძალიან ლამაზად უნდა გადახტეო.

მისი პირველი დიდი შეჯიბრება დაბა იახრამაში გამართული სოფლის ახალგაზრდობის საკავშირო პირველობა იყო. პირველ ადგილზე გავიდა და მაშინ მან პირადი მწვრთნელი არამ ადამიანცი დაამარცხა. შეჯიბრის დასრულებისთანავე არამმა კობას პირადი თხილამური აჩუქა და უთხრა:

„მოსწავლე რომ მასწავლებელს გაჯობებს, სპორტს თავი უნდა დაანებოო“.

როდესაც უკვე დიდი სპორტსმენი გახდა საბჭოეთში მისი მზადებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ბიუჯეტს ცალკე ამტკიცებდნენ.

იტალიაში პირველად 1954 წელს მოხვდა. ტურნირის დასრულების შემდეგ მასპინძლებმა სადილად დაპატიჟეს და სპაგეტი მიართვეს. ბაკურიანელი ბიჭი რომელსაც მხოლოდ შავი და მაგარი მაკარონი ჰქონდა გასინჯული, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. სპაგეტი ცხვირ-პირში სულ ტკაცა-ტკუცით მოხვდა, იქვე თურმე ფოტოგრაფებმა სურათიც გადაუღეს და მეორე დღეს ცხვირ-პირ მოთხუპნული წაქაძის ფოტო გაზეთებში დაიბეჭდა.

რამდენიმე დღეში სენტ-მორიცში შეჯიბრებაზე უნდა წასულიყო, მაგრამ ნაკრების ხელმძღვანელებმა სასწრაფოდ მოსკოვში დააბრუნეს. კობა წაქაძე აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმრო „მეტროპოლში“ მიიყვანეს სადაც მას სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ორი თანამშრომელი დახვდა, ერთ-ერთ მაგიდასთან დასვეს, ახლაც ახსოვს მაგიდის ნომერი იყო 9. ყველაფერი გაკრიალებული ეწყო – თეფშები, ჩანგლები, დანები, კერძები… მივიდა ვიღაც კაცი, გაუღიმა და უთხრა:

„აბა გლეხის ბიჭო დაიმახსოვრე ეს კოვზი თევზისთვის არის, ეს – დესერტისთვისო“… შემდეგში, როდესაც რომელიმე ახალ ქვეყანაში მიდიოდა, ისევ სასტუმრო „მეტროპოლში“ ისევ იგივე კაცი ასწავლიდა როგორ ეჭამა თუნდაც ბაყაყი და ლოკოკინა.

1955 წლის 31 იანვარს კობა წაქაძე პირველი საბჭოთა სპორტსმენი გახდა ვინც ობერსტდორფში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი მოიგო და მას შემდეგ წაქაძე თითქმის 21 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრების უცვლელი ლიდერი იყო.

იმ პერიოდში გერმანულის სწავლა დაიწყო და მაშინვე შესაბამის უწყებაში დაიბარეს ბრალდება უცხო ენის შესწავლა იყო. დაუდეს სუფთა ფურცელი, კალამი და დააწერინეს: „მე, კობა ვარდენის ძე წაქაძე, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქე, ტრამპლინიდან მხტომელთა ნაკრები გუნდის წევრი, რომელიც ხშირად ვმოგზაურობ უცხოეთში, პირობას ვდებ, რომ უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს თარჯიმნის გარეშე არასდროს ვუპასუხებ“.

კობა წაქაძეს საერთაშორისო ტურნირებზე გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფების მიცემაც ეკრძალებოდა, ის შეჯიბრებებზე საკუთარ ფოტოებს საკუთარი ავტოგრაფებითვე არიგებდა. უცხოეთში წასვლის წინ რამდენიმე ასეულ ასეთ მზა ბარათს გადასცემდნენ ხოლმე. სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მას სამი ავტომობილი აქვს მოგებული, მაგრამ არცერთი არ ჩამოუყვანია, მაშინ საბჭოთა მოქალაქეს კაპიტალისტური ქვეყნის ნაწარმი არ სჭირდებოდა.

კარიერის საუკეთესო მიღწევად 1962 წლის წარმატებებს მიიჩნევს. იმ წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან მეხუთე შედეგი აჩვენა, ბაკურიანში კი საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ქართველი გულშემატკივრის წინაშე ის იშვიათად გამოდიოდა, ბაკურიანში მაშინ იმ ტურნირს 20 000 ქომაგი დაესწრო.

ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე გამოსვლის შემდეგ ძალიან კარგ ფორმაში იყო, მაგრამ 1968 წელს გრენობლში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე არ წაიყვანეს, მაშინ ნაკრების თავკაცმა ალექსანდრ გრიგასმა არ აპატია ის, რომ პირად მწვრთნელად მის მაგივრად პაველ დემენტიევი ჩაწერა. ჩამოვიდა გუნდი გრენობლიდან და გრიგასი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს, კობა წაქაძემ კი მეოთხედ ოლიმპიურ თამაშებზე 1972 წელს საპოროში იასპარეზა.

ერთხელ პოლონეთში ვიღაც კაცმა აღტაცებით ხელი ჩამოართვა და უთხრა: „პან წაქაძე კრაკოვის უნივერსიტეტში ლექციებს ვაცდენდი რათა შეჯიბრებების დროს თქვენი ნახტომები მენახაო“, – გულშემატკივარი ეგონა და მადლობა გადაუხადა თუმცა ეს კაცი პოლონეთის პრეზიდენტი ალეკსანდერ კვაშნევსკი აღმოჩნდა.

უამრავი სუვენირიც შეუგროვდა რომელსაც ბაკურიანში საკუთარ მუზეუმში ინახავს.

იმ პერიოდში ბაკურიანში მხოლოდ 1 მაისიდან 25 მაისამდე ცხოვრობდა, დანარჩენი დრო კი მზადების, შეჯიბრების და ფრენის იყო. არსებობდა უამრავი რისკ-ფაქტორიც… მაშინ ჩაფხუტი და კომბინიზონი სად იყო?! ვარჯიშებზეც უსათვალოდ, უქუდოდ, შალის ჯემპრსა და სპორტულ შარვალში შემოსილები ხტებოდნენ. სპორტსმენთა ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტებიც ხშირი იყო, მაგრამ ამას საბჭოთა სისტემა მკაცრად ასაიდუმლოებდა.

სპორტული კარიერა 1972 წელს 38 წლის ასაკში დაასრულა. ერთ მშვენიერ დღეს ვარჯიშიდან დაბრუნდა, თხილამური კედელთან მიაყუდა და საკუთარ თავს უთხრა, რომ საკმარისი იყო.

სპორტიდან წასვლის შემდეგ საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით ორ ოლიმპიურ თამაშებზე და ასევე ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯად იმუშავა. სხვადასხვა დროს კობა წაქაძე არაერთი საერთაშორისო ტურნირის საპატიო სტუმარი იყო.

კობა წაქაძე ბაკურიანში ცხოვრობს და მისი სახლი იქ ყველამ იცის. ის ბაკურიანში დღეს უკვე საკუთარი სახელობის კობა წაქაძის ქუჩის ლეგენდარული ბინადარია.