ლეგენდარულმა ბიორნდალენმა ოლიმპიადის საგზური ვერ მოიპოვა 
ლეგენდარულმა ბიორნდალენმა ოლიმპიადის საგზური ვერ მოიპოვა 

ლეგენდარული ნორვეგიელი ბიატლონისტი, რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი ოლე-ეინარ ბიორნდალენი ​პიონჩანგის ოლიმპიადაზე გამოსვლას ვერ შეძლებს. მან 2018 წლის ზამთრის თამაშებზე საგზური ვერ მოიპოვა.

ბიორნდალენს დაწესებული ჰქონდა ნორმატივი – 2017-18 წლების სეზონში, მსოფლიოს თასის ეტაპებზე ერთხელ უნდა შესულიყო TOP6-ში ან ორჯერ – TOP12-ში, რაც ლეგენდამ ვერ შეძლო.

დღეს, გერმანიის ქალაქ რუპოლდინგში გაიმართა 20-კილომეტრიანი ინდივიდუალური რბოლა. ეს იყო ბიორნდალენის ბოლო შანსი, მაგრამ ნორვეგიელმა სროლისას სამი შეცდომა დაუშვა და 42-ე ადგილი დაიკავა.

2017-18 წლების სეზონში ოლეს საუკეთესო შედეგი ესტერსუნდში ჰქონდა – ორჯერ დაიკავა მე-18 ადგილი.
43 წლის ბიორნდალენს რვა ოლიმპიური ოქროს გარდა, 20-ჯერ აქვს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი.