ლეგენდარულმა ბრიტანელმა მორბენალმა, ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მო ფარამ განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში. ფარა 10-კილომეტრიან დისტანციაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
„მომავალ წელს დავბრუნდები. გამოვალ ოლიმპიურ თამაშებში. მოუთმენლად ველოდები ამ მომენტს. მინდა მონაწილეობა მივიღო 10 ათას მეტრზე რბენაში. სისწრაფე არ დამიკარგავს, გავაგრძელებ ვარჯიშს და ვაჩვენებ ყველას – რა შემიძლია“, – თქვა ფარამ.
მძლეოსნობაში მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ფარამ გამოაცხადა, რომ აპირებს მხოლოდ მარათონულ და ნახევრადმარათონულ დისტანციებზე გამოსვლას.
ბრიტანელმა 5000 და 10000 მეტრზე რბენაში ლონდონისა და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადებზე ოქროს მედლები მოიპოვა.