„ლე მონდი“ - ევროკავშირი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას არ აპირებს, რაც პროევროპული ოპოზიციის იმედგაცრუებას გამოიწვევს
„ლე მონდი“ - ევროკავშირი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას არ აპირებს, რაც პროევროპული ოპოზიციის იმედგაცრუებას გამოიწვევს

საქართველოში სადავო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირს ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები აქვს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ლე მონდი“.

„ევროკავშირი 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესის დროს დარღვევების დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს, თუმცა, არ აპირებს პოზიციის დაფიქსირებას არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რაც პროევროპული ოპოზიციის იმედგაცრუებას გამოიწვევს. პრორუსული მმართველი პარტია ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება“, – წერს გამოცემა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 7 ნოემბერს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსენეს და მოუწოდეს სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა საჩივარსა და დარღვევის შემთხვევაზე, რომლის შედეგებსაც პროევროპული ოპოზიცია ასაჩივრებს.

მაკრონის, შოლცის და ტუსკის მიერ გავრცელებული განცხადება ასახავს ევროკავშირის პოზიციას, რომელმაც არჩევნების მეორე დღეს ასევე მოითხოვა დამოუკიდებელი გამოძიება.

30 ოქტომბერს ევროკომისიამ არ დაუჭირა მხარი საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც 2023 წლის დეკემბრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. პროცესი გაიყინა ივნისში, სამოქალაქო საზოგადოებისა და ლგბტ თემის შემზღუდველი რეპრესიული კანონების მიღების შემდეგ.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს, სტატიის მიხედვით, ევროკავშირს არ აქვს განზრახული უფრო შორს წავიდეს და ამაზე პოზიცია დააფიქსიროს.

როგორც „ლე მონდი“ წერს, საქართველო მართლაც იქნება 18 ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგში, მაგრამ ბრიუსელი ელოდება პასუხებს საქართველოს ხელისუფლებისგან.

„ევროკავშირს უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა საერთო პოზიციის მიღწევა რთული იქნება, რადგან საჭიროა ერთსულოვნება და ვიქტორ ორბანის პოზიციის გათვალისწინებით, დარწმუნებული არ ვარ, რომ 27 წევრ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ევროპული პოლიტიკის ცენტრის ექსპერტმა, ამანდა პოლიმ.