ავსტრიის პოლიციამ მასშტაბური გამოძიება დაიწყო ბიატლონის საერთაშორისო კავშირისა (IBU) და მისი პრეზიდენტის ანდერს ბესებერგის წინააღმდეგ.
ფრანგულმა გაზეთმა Le Monde-მა დაწერა, რომ IBU-ს შტაბ-ბინაში, რომელიც ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში მდებარეობს, ჩატარდა ჩხრეკა. ავსტრიელი სამართალდამცავები რუსი ბიატლონისტების დადებით დოპინგ-სინჯებს ეძებდნენ.
საქმე ისაა, რომ 22 რუსი ბიატლონისტიდან, რომლებიც 2017-18 წლების სეზონში მსოფლიოს თასისა და IBU-ის თასის ეტაპებზე გამოდიოდნენ, 17 დოპინგზე ჩავარდა, მაგრამ ეს ინფორმაცია დამალეს. ამის ორგანიზატორი პირადად კავშირის პრეზიდენტი, 72 წლის ნორვეგიელი ანდერს ბესებერგი იყო.
როგორც Le Monde წერს, 2011 წლიდან მოყოლებული, ბესებერგმა, ჯამში, რუსი სპორტსმენების 65 დადებითი დოპინგ-სინჯი დამალა.
ნორვეგიელმა ჩინოვნიკმა უკვე გამოაცხადა პრეზიდენტობიდან გადადგომის შესახებ.
Le Monde-მა ეს ინფორმაცია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ, 2017 წლის დეკემბერში შედგენილ ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა.
ამ ანგარიშში WADA იმასაც ამტკიცებს, რომ რუსებმა ქრთამით მოისყიდეს IBU-ის თანამშრომლები იმისთვის, რომ ბიატლონში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ქალაქ ტიუმენს მიეღო.
საბოლოოდ, რუსეთის ამ ქალაქის განაცხადს მხარი დაუჭირა ორგანიზაციის კონგრესის 49 წევრიდან 25-მა.
მოგვიანებით, ტიუმენს ჩამოართვეს ჩემპიონატის ჩატარების უფლება ცნობილი დოპინგ სკანდალის გამო.