ლაურა კუპერი - რუსეთი ვერ დაადებს ვეტოს სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას
ლაურა კუპერი - რუსეთი ვერ დაადებს ვეტოს სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას

რუსეთი ვერ დაადებს ვეტოს სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ლაურა კუპერმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის აგრესია რჩება რეგიონში მთავარ გამოწვევად.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია 2008 წელს და მისი შეჭრა უკრაინაში, ყირიმის უკანონო ანექსია, მიმდინარე ომი უკრაინაში – ესაა ყველაზე დიდი გამოწვევა რეგიონისთვის. თუ ჩვენ შეგვიძლია, ვიქცეთ მშვიდობიან რეგიონად, სუვერენული სახელმწიფოებით, რომლებიც არ არიან ოკუპირებულები, მაშინ შეგვეძლება, ამ რეგიონის შესაძლებლობები გამოვავლინოთ, მივიღოთ ის ეკონომიკური კეთილდღეობა, რაც მას სჭირდება. რუსეთთან დიალოგი დიდ გამოწვევებს უკავშირდება. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეაჩერა რეგულარული სამხედრო ოპერაციები რუსეთთან ერთად და არ ვაპირებთ შევცვალოთ ეს, ვიდრე რუსეთი არ შეაჩერებს ამ აგრესიას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთთან კომუნიკაციას, ჩემი დიპლომატი კოლეგები კი რეგულარულად ესაუბრებიან რუსეთს კონფლიქტის მოგვარების მიზნით“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, აშშ-ი ხედავს იმას, რომ საქართველოში თავდაცვის ინსტიტუტები ძლიერდება, იზრდება საგარეო საფრთხეებისგან თავდაცვისუნარიანობა და ძლიერდება ის ხიდები, რომელიც ნატო-სა და დასავლეთის თავდაცვის მეთოდებთანაა კავშირში.

ლაურა კუპერი იმედოვნებს, რომ მთავრობა რეფორმების აღებულ კურსს გააგრძელებს. მან ნატო-ს წევრობის არჩევანზეც ისაუბრა და ამ მხრივ საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

„რუსეთი ვერ დაადებს ვეტოს სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას. აშშ-ი იზიარებს ბუქარესტის სამიტის პათოსს, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება ნატო-ს წევრი. ეს პირველი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც მაგიდაზე დევს. ვიდრე წევრობის შეთანხმებას ვამზადებთ, ნატო-სთან ურთიერთობაში ბევრი კარგი ახალი ამბავი ხდება. ვმსახურობდი ავღანეთში, სადაც საქართველო ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია, ეს არის ნატო-საქართველოს ურთიერთობა, თუმცა თავის მხრივ, აშშ-სთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი თემაც. ჩვენ ვუყურებთ საქართველოს, როგორც სტრატეგიულ ქვეყანას და ვმოქმედებთ მის მხარდამხარ ავღანეთში, ყველაზე რთულ ვითარებაში, სადაც ამ დროის მანძილზე ორივე ქვეყანამ გაიღო ბევრი დანაკარგი. ეს ახლო ურთიერთობების საფუძველია და მხოლოდ აღრმავებს ნატო-სთან ურთიერთობას“, – აღნიშნა კუპერმა.

ლაურა კუპერი ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ახლა საჭიროა ფოკუსირება თანამშრომლობასა და რეფორმირების გაგრძელებაზე.

„ჩემი აზრით, კონკრეტულ თარიღზე ფიქრის ნაცვლად უნდა ვფოკუსირდეთ თანამშრომლობის ზომებზე, რომელშიც საქართველო ახლა არის ჩართული. ნატო-ს ჩართულობა საკმაოდ დიდია, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში. ეს პროცესი მიდის, მათ შორის აშშ-ს დახმარებით, რათა გაიზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. საქართველო მუშაობს, იგი ზრდის თავის უნარებს და რეფორმირებას განაგრძობს. უნდა აღვნიშნოთ უკვე მიღწეული წარმატება და ერთად გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა ლაურა კუპერმა.