ლატვიის პრემიერი - ვაფასებთ ინიციატივებს, რომლებიც საქართველომ დემოკრატიის დასაცავად მიიღო, ხალხი გადაწყვეტს, არის თუ არა მათი გზა ევროპა, რისთვისაც იბრძოდნენ მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები
ჩვენ ვაფასებთ ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ მიიღო დემოკრატიის დასაცავად, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, წავლენ თუ არა პირდაპირ და არის თუ არა მათი გზა ევროპა, რისთვისაც იბრძოდნენ მოლდოვა, ლატვია და ბალტიის ქვეყნები.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვისმინოთ საარჩევნო პროცესის დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან მათი ანალიზი, როგორ წარიმართა საარჩევნო პროცესი. გუშინ შევიტყეთ მოლდოვის გამოცდილების შესახებ, რომ მათი არჩევნების თითქმის 10 პროცენტზე რუსეთმა ზეგავლენა მოახდინა. ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვაცნობიერებთ ძალიან რთულ ვითარებას ისეთ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთთან უფრო ახლოს არიან. ჩვენ ვაფასებთ ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ მიიღო დემოკრატიის დასაცავად, რადგან ეს ქართველი ხალხია, რომელიც გადაწყვეტს, წავლენ თუ არა პირდაპირ და არის თუ არა მათი გზა ევროპა, რისთვისაც იბრძოდნენ მოლდოვა, ლატვია, ბალტიის ქვეყნები“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.