ლატვიის პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე, ეს არის მკაფიო სიგნალი მოსკოვისთვის, რომ რაც მეტ ზეწოლას ახორციელებს, მით უფრო ძლიერი გახდება ნატო-ს პასუხი
ლატვიის პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე, ეს არის მკაფიო სიგნალი მოსკოვისთვის, რომ რაც მეტ ზეწოლას ახორციელებს, მით უფრო ძლიერი გახდება ნატო-ს პასუხი

გუშინ იყო ძალიან კარგი დღე. სადისკუსიო ოთახში ერთიანი პოზიციით შევედით და ერთიანი პოზიციით გამოვედით. ნატო კიდევ უფრო ძლიერი ხდება, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა ვილნიუსში განაცხადა, სადაც ნატო-ს სამიტის მეორე დღისთვის იკრიბებიან.

მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებით.

„ვიცით, რომ შვედეთიც გაწევრიანდება ალიანსში. ეს ბალტიისპირეთის რეგიონს გაცილებით უსაფრთხოს და დაცულს გახდის. ბალტიის ზღვა, ფაქტობრივად, გახდება ნატო-ს ზღვა. ამას ექნება უკიდურესად პოზიტიური განვითარება ბალტიისპირეთის უსაფრთხოებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ლატვიისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების შესახებ. ეს გახლავთ მკაფიო სიგნალი ასევე მოსკოვისთვის, რომ რაც მეტ ზეწოლას ახორციელებს, აგრძელებს ომს უკრაინაში, მით უფრო ძლიერი და მედეგი გახდება ნატო-ს პასუხი. მოსკოვი აწარმოებს ომს და ნატო პასუხობს ორი ახალი წევრის მიღებით, კიდევ გააგრძელებს ომს და ნატო-ს პასუხი კიდევ უფრო მტკიცე იქნება“, – განაცხადა კრიშიანის კარინმა.

მისივე თქმით, ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის ერთიანი პოზიციაა.

„ცხადია, ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საკითხი. უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ს წევრები ერთსულოვნები არიან, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება, ვიდრე ისინი ომში არ გაიმარჯვებენ. ესეც მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის, რომ რუსეთი ვერ ახერხებს ნატო-ში უთანხმოების გამოწვევას, პირიქით, ის აძლიერებს ნატო-ს ლიდერების მედეგობას. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და ეს არ არის დამოკიდებული ახლა მიმდინარე ბრძოლების შედეგზე, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას. ასევე მკაფიოა, რომ უკრაინის გზა მიდის ნატო-ში და ეს არის გარდაუვალი რამ, რაც უკვე დევს სისტემაში“, – განაცხადა კრიშიანის კარინშმა.

ამასთან, ლატვიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისურვებდა, რომ ნატო-მ უფრო სწრაფად წაიწიოს წინ.

„ეს არ არის სიურპრიზი. ზოგს სურს უფრო სწრაფი ნაბიჯები, ზოგი მეტად ყოყმანობს. ეს განსხვავება ყოველთვის იარსებებს, თუმცა საბოლოო შედეგს რომ შევხედავთ, ყველა, და მათ შორის უკრაინა, რასაც მიიღებს და რასაც მოსკოვი ხედავს, არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთიანები. ჩვენ უკრაინას გვერდით ვუდგავართ და მთელი ძალისხმევა ამისკენაა მიმართული. უკრაინა მეტ დაპირებას იღებს. ჩვენ ვნახეთ, გუშინ პრეზიდენტი მაკრონი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს დაჰპირდა. ასე რომ, მხარდაჭერა გაგრძელდება. მიმართულება კი არის ნატო და ამას ყველა ხვდება.

ნატო არის სამხედრო ბლოკი, მაგრამ ამასთან ერთად, არის პოლიტიკური ბლოკიც. პოლიტიკა კი ხანდახან შეიძლება ჩანდეს იმედგამაცურებლად, თუმცა თუ შევხედავთ ტრაექტორიას და ბოლო 500 დღის განმავლობაში განვლილ გზას, ჩვენ გავიარეთ გზა, როცა ნატო-ს წევრების ნაწილი ყოყმანობდა უკრაინის მხარდაჭერაზე და ახლა ისინი 100 პროცენტით არიან უკრაინის გვერდით. ეს ეხება უკრაინის ნატო-ში გაწერვრიანებასაც, რასაც ნატო-ს წევრები 100 პროცენტით უჭერენ მხარს. ეს არის ძალიან დიდი ცვლილება. ეს არის პროცესი და კარგად მესმის, რომ შეიძლება, ეს პროცესი ჩანდეს ნელი, მაგრამ მთავრია გარდაუვალობის დამკვიდრება სისტემაში. ეს მანქანა დღეს ნამდვილად მოძრაობს და პუტინი ამას კარგად ხვდება“, – განაცხადა კარინშმა.

ლატვიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნატო-ს ლიდერები გუშინ საღამოს ვახშამზე შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს და ეს იყო ძალიან მეგობრული, პოზიტიური შეხვედრა, რომელიც იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. დღეს კი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-უკრაინის საბჭოს პირველ სხდომას დაესწრება.