ლატვიის მთავრობა რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის დაცვას აძლიერებს.
როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისი ზომები მიმართულია სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად და საფრთხის აღსაკვეთად, ბელარუსიდან ლატვიის საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობების რაოდენობის ზრდის ფონზე.
განცხადების თანახმად, საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმი 11 აგვისტოს ამოქმედდება და ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის 10 თებერვლამდე იმოქმედებს.
„ბრძანება გაცემულია სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოს წინაშე საფრთხის აღკვეთის მიზნით, ლატვია-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობების არაპროპორციულად დიდი რაოდენობის და ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით“, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
როგორც ლატვიის მთავრობა აღნიშნავს, საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობების რაოდენობა გაზრდილია ლიეტუვასა და პოლონეთშიც. ლატვიის ხელისუფლება შექმნილ სიტუაციას ლატვიისა და ევროკავშირის გარე საზღვარზე ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის მცდელობად აფასებს.
ოფიციალური რიგა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს, რომელსაც მინსკიც უჭერს მხარს, განიხილავს როგორც რისკის დამატებით ფაქტორს და არ გამორიცხავს, რომ ბელარუსმა გააგრძელოს ძალისხმევა ლატვიის საზღვარზე სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით.