ლატვიაში ტელეკომპანია „დოჟდი“ დააჯარიმეს და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ლატვიაში რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ დააჯარიმეს და კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
„ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ“ რუსულ ტელეკომპანიას 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. საბჭოს თავმჯდომარემ, ივარს აბოლინშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაასახელა და რუსეთის არმიას „ჩვენი არმია“ უწოდა.
„დოჟდის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აღიძრა. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსული ჯარების დანაშაულის ფონზე, „აგრესორი რუსეთის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა მიუღებელია“.
უწყებაში თქვეს, რომ არაერთხელ ისაუბრეს ლატვიაში ე.წ. დამოუკიდებელი რუსული მედიის საქმიანობის გადატანასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკის არსებობის შესახებ.
ლატვიის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ვინაიდან ეს მედიაკომპანიები და ჟურნალისტები აგრესორ ქვეყანაში დიდი ხანია, მუშაობენ, არ არის გამორიცხული, რომ ცალკეულ მედიასაშუალებებსა თუ მათ წარმომადგენლებს, რომლებმაც მუშაობა დაიწყეს ლატვიაში, კავშირი ჰქონდეთ რუსეთის სპეცსამსახურებთან.
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა რუსული ტელეარხის, „დოჟდის“ ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა და თქვა, რომ „დოჟდის“ რუსეთში დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო.
„დოჟდის“ მთავარი რედაქტორის, ტიხონ ძიადკოს განცხადებით, პირველი დეკემბერს გადაცემა „აქ და ახლა“ გამოშვებაში ტელეარხის წამყვანმა თქვა ფრაზა: „გამოგვიგზავნეთ შეტყობინებები [email protected]ზე ან მოგვწერეთ ჩვენს ტელეგრამარხზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ბევრ სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის, მაგალითად, აღჭურვილობით და, უბრალოდ, ფრონტზე ელემენტარული კეთილმოწყობით.“
ძიადკოს თქმით, ეს ფრაზა მაყურებელს უქმნის განცდას, რომ ტელეარხი „დოჟდი“ დახმარებას უწევს რუსეთის ჯარს. „დოჟდის“ ხელმძღვანელობის მტკიცებით, საფოსტო ყუთი [email protected] შეიქმნა იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები უკრაინაში რუსული არმიის დანაშაულებებსა და რუსეთის ფედერაციაში კრიმინალური და უაზრო მობილიზაციის დროს მომხდარ დარღვევებზე. ტელეკომპანიამ აღნიშნული ჩანაწერი წაშალა და მაყურებელს ბოდიში მოუხადა, ჟურნალისტი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ მაუწყებლობა მარტში დროებით შეწყვიტა და მოგვიანებით რიგაში, ამსტერდამში, თბილისსა და პარიზში სტუდიების გახსნის შესახებ განაცხადა.