ლატვიაში მცხოვრებ რუსეთის 1000-ზე მეტ მოქალაქეს დეპორტაცია ემუქრება
ლატვიაში მცხოვრებ რუსეთის 1000-ზე მეტ მოქალაქეს დეპორტაცია ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრე, რიჰარდ კოზლოვსკიზე დაყრდნობით წერს.
მედიასაშუალების ცნობით, ლატვიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც ქვეყანაში ბინადრობის უფლების ვადა ამოეწურათ, იანვარში გამაფრთხილებელ წერილს მიიღებენ, რომელშიც განსაზღვრული იქნება მათი დეპორტაციის თარიღი. ამასთან, როგორც ლატვიის ხელისუფლება განმარტავს, რუსეთის მოქალაქეებს ამის შემდეგაც მისცემენ გარკვეულ დროს, რათა ლატვიაში ბინადრობის უფლების გასახანგრძლივებლად დოკუმენტაცია წარადგინონ.
ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში ლატვიის სეიმმა მიგრაციის შესახებ კანონში შესწორება შეიტანა, რომელიც ავალდებულებს რუსეთის მოქალაქეებს, მიიღონ ლატვიური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამ მოთხოვნის იგნორირების შემთხვევაში მათი ბინადრობის უფლება უქმდება.