ლატვიაში ევროპარლამენტის არჩევნებისთვის წინასწარი კენჭისყრა დაიწყო.
ლატვიის მოქალაქეებს ხმის მიცემა წინასწარ, დღეს, დილის 08:00 საათიდან 13:00 საათამდე შეუძლიათ ცალკეულ უბნებზე. ასევე ხუთშაბათს 14:00-დან 20:00 საათამდე და პარასკევს 13:00-დან 18:00 საათამდე.
ლატვიაში ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი კენჭისყრის დღეა შაბათი, 8 ივნისი. ამ დღეს ქვეყნის მასშტაბით 945 საარჩევნო უბანი გაიხსნება, 50 კი – საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის. ლატვიაში მოქალაქეებს შეუძლიათ ხმის მიცემა ნებისმიერ საარჩევნო უბანზე, რეგისტრაციის მიუხედავად.
ლატვიაში ბიულეტენებზე 16 პარტიული სია იქნება.
ევროპარლამენტში მანდატისთვის 272 კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის 164 მამაკაცი და 108 ქალი. ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი 21 წლისაა, ყველაზე უფროსი – 86 წლის.
მანამდე „პოლიტიკომ“ გაავრცელა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე პარტიებს, სავარაუდოდ, მემარჯვენე-ცენტრისტულ „ევროპის სახალხო პარტიაზე“ მეტი დეპუტატი ეყოლებათ.