ლატვიამ ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების ქვეყანაში შესვლა აკრძალა
ლატვიამ ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების ქვეყანაში შესვლა აკრძალა. როგორც ლატვიის შემოსავლების სამსახურში განმარტეს, 16 ივლისიდან პირებს, რომლებიც გადაადგილდებიან ბალარუსის რესპუბლიკაში დარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით, მსუბუქი ავტომობილებით, ლატვიისა და ბელარუსის და ლატვიისა და რუსეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად.
აკრძალვა არ გავრცელდება დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე.
განცხადებაში წერია, რომ თუ პირი, რომელიც ბელარუსში დარეგისტრირებულ ავტომობილს მართავს, უარს იტყვის იმ ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნებაზე, საიდანაც ის ლატვიაში შესვლას აპირებდა, მაშინ საბაჟო სამსახურებმა შეიძლება მიიღონ სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციის გადაწყვეტილება.
ამასთან, ბელარუსში დარეგისტრირებული ავტომობილებით ევროკავშირიდან ბელარუსში დაბრუნება დაშვებული იქნება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს მანქანები არ არის დეკლარირებული როგორც პროდუქტი და გამოყენებულია როგორც სატრანსპორტო საშუალება.