ლატვია კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების გამო საერთაშორისო დახმარებას ითხოვს
ლატვია კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების გამო საერთაშორისო დახმარებას ითხოვს. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფოს ესაჭიროება „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალო სპეციალური საწოლები და აღჭურვილობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ჩვეულებრივი საწოლებიც კი.
ლატვიის ხელისუფლებამ უკვე მიმართა ევროკავშირს სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმის ფარგლებში დახმარების მიღების თხოვნით. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში კვლავაც გაუარესდება, შესაძლოა, ლატვიიდან პაციენტების გადაყვანა სხვა ქვეყნებში გახდეს საჭირო.
მთავრობის პროგნოზით, ოქტომბრის ბოლოს ლატვიაში კოვიდპაციენტების რაოდენობა 2000-ს გადააჭარბებს, მაშინ როდესაც ქვეყანას ერთდროულად მხოლოდ 1 500 კოვიდინფიცირებულის მკურნალობა შეუძლია.
ლატვიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 2 935 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი.
ლატვია კოვიდინფირებულების რაოდენობით ევროკავშირის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. შექმნილი მდგომარეობის გამო, ლატვიაში 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე მკაცრი კარანტინი და კომენდანტის საათი იმოქმედებს.