ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა და საკუთარი მსოფლიო რეკორდი ატაცის შემდეგ ორჭიდშიც გააუმჯობესა.
ატაცში დაძლეულ 220 კგ-ს ლაშამ აკვრაში მესამე ცდაზე 257 კგ დაუმატა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 477 კილოგრამით კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ატაცში პირველ ცდაზე მან 210 კგ შეუკვეთა და წარმატებით დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ ხუთი კილო მოუმატა და 215 კგ ასწია. მესამე მისვლაზე ტალახაძემ 220 კგ აიტაცა და თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (217 კგ) გააუმჯობესა.
აკვრაში ლაშა ტალახაძემ პირველ ცდაზე 243 კგ მოითხოვა და წარმატებით დაძლია. მეორე ცდაზე მან 250 კგ ასწია. მესამე ცდაზე თავიდან ლაშა ტალახაძემ 265 კგ მოითხოვა, რაც აკვრის მსოფლიო რეკორდია, თუმცა ბოლოს ჩემპიონობისთვის და ორჭიდის რეკორდისთვის საკმარისი 257 კგ-თი შეცვალა და მსოფლიოს უძლიერესი ადამიანის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა ანაჰაიმში სულ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო ლაშა ტალახაძემ, ორი ოქრო და ერთი ვერცხლი ანასტასია გოტფრიდმა, ხოლო ერთი ბრინჯაო კი, შოთა მიშველიძემ.
ლაშა ტალახაძის გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე (ანაჰაიმი. ამერიკის შეერთებული შტატები).დაჯილდოება
Posted by პირველი არხი • სპორტი on 2017 წლის 5 დეკემბერი, სამშაბათი