ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი და მორიგი ოქროს მედალი ანაჰაიმიდან (ვიდეო)
ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი და მორიგი ოქროს მედალი ანაჰაიმიდან (ვიდეო)

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მორიგი ტიტული მოიპოვა. კალიფორნიაში, „კონვნშენ ცენტრში“ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები ჯერჯერობით ატაცში გათამაშდა.

ქართველმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 210 კგ შეუკვეთა და წარმატებით დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ ხუთი კილო მოუმატა და 215 კგ ასწია. მესამე მისვლაზე ტალახაძემ 220 კგ აიტაცა და თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (217 კგ) გააუმჯობესა.

რამდენიმე წუთში მძიმეწონოსანთა მეორე დისციპლინა აკვრა დაიწყება. სადაც ლაშას პირველ ცდაზე 245 კგ აქვს შეკვეთილი. მეორე ადგილზე მყოფ ირანელს 240 კგ აქვს შეკვეთილი.

შეგახსენებთ, რომ ანაჰაიმში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი უკვე მოიპოვა და ტალახაძის პირველ დისციპლინაში აღებული მედალი მეხუთეა.

62 კგ-ის ატაცში ბრინჯაო შოთა მიშველიძემ მოიპოვა. სამი მედალი კი ანასტასია გოდფრიდის ანგარიშზეა. 21 წლის უკრაინელმა სპორტსმენმა, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით გამოდის, ოქრო ორჭიდსა და ატაცში, ხოლო ვერცხლი აკვრაში დაიმსახურა.