ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [ვიდეო]
19:59, 05.11.2017
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
დუშეთის კულტურის სახლში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო. ტალახაძემ თავისივე მსოფლიო რეკორდი (217 კილოგრამი) გააუმჯობესა, რითაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ძალოსნობის საერთაშორისო წესების თანახმად, ეროვნულ ჩემპიონატზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი ოფიციალურის სტატუსით ვერ ისარგებლებს, რადგან იმავე წესების თანახმად, მსგავსი შედეგები კონტინენტალურ ჩემპიონატებზე უნდა დაფიქსირდეს.
წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება და ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება. მძიმეწონოსნები 5 დეკემბერს იასპარეზებენ. ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება.