ლაშა ტალახაძე საქართველოში დაბრუნდა [ვიდეო]

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საქართველოში დაბრუნდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. ლაშა ტალახაძემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილია.

„თითოეულ გულშემატკივარს ვუხდი მადლობას, ქართულ დელეგაციას, ელჩს, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალური მობილიზება და მთავარი მიზანი გამარჯვება იყო. ნამდვილად არ ვგეგმავდი სასწაულ შედეგებს, მაგრამ როდესაც შევხედე, რომ გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ჩვენს ასპარეზობას, ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა არ დააყოვნა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაგვეუმჯობესებინა ის რეკორდები, რაც გვქონდა. რთული ნამდვილად არის, რადგან მაქსიმალურ წონაზე გვიწევს ასპარეზობა და ყველა სტრესი და ნერვიულობა ამ მომენტში გეხსნება, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კმაყოფილი ვარ იმით, რაც წელს შევძელი“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ +109 კგ წონით კატეგორიაში პირველობა ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა და პლანეტის საუკეთესო ძალოსნის ტიტული მიიღო. მან ორჭიდის ჯამში 492 კგ დააფიქსირა, რაც მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდია.

ლაშა ტალახაძემ აკვრაში პირველ ცდაზე 247 კგ-იანი შტანგა შეუკვეთა და იოლად დაძლია. ამას მოჰყვა 257 კილოგრამი. ისიც ასწია. მისმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ მსოფლიოს ახალი რეკორდი შეუკვეთა – ფურცელზე 267 კილოგრამი დაწერა. ტალახაძე მძიმედ, მაგრამ მაინც მოერია უმძიმეს შტანგას და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 218, 225 კგ დაძლია. ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მის მიერვე დამყარებული რეკორდი 223 კგ იყო.