ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ [ფოტო]
ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ასევე ვეცხლის მედლის მფლობელი გივი მაჭარაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.
პარიზის ოლიმპიადაზე პირველობა არავის დაუთმო ლაშა ტალახაძემ. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანი ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.
„პირველ რიგში, მინდა, ჩვენს ბიჭებს მივულოცო ეს დიდი წარმატება. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად კარგი შედეგით დავბრუნდით საქართველოში. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, მესამედ მოვიპოვე ოლიმპიური ტიტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისთვის. მადლობა ღმერთს, დამიფასდა მეც, ჩემს მწვრთნელებს, ოჯახს. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა, რადგან ისინი არიან ის ძალა, რომელიც მაძლიერებს და არ მაძლევს საშუალებას, მოვდუნდე და დავნებდე“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ოლიმპიადაზე განსაკუთრებთ ამაღელვებელი აღმოჩნდა გენო პეტრიაშვილის ასპარეზობა. ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ირანელი ფალავანი 10:9 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.
„ძალიან მაგარი ემოციები და შეგრძნებაა, რომ ამდენი მაგარი ხალხი დაგვხვდა. ბევრი დამარცხება იყო, ბევრი გამარჯვებაც იყო, წინა ოლიმპიურ თამაშებზე წამის მეასედში დავმარცხდი, მაგრამ ამჯერად შევძელი და ეს გამოვასწორე. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ქართველები ძალიან მაგარი ხალხი ვართ, ამას ყოველ ჯერზე ვამტკიცებთ. მინდა, ქართველ ხალხს ეს გამარჯვებები მივულოცო. ჩვენ ყველთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ, მაქსიმუმი დავდოთ ასპარეზობაზე და ღირსეულად ვატაროთ ჩვენი ქვეყნის დროშა“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილს, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა – ფინალში ქართველი ფალავანი ბაჰრეინის წარმომადგენელთან, ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა.
„ვულოცავ მთლიანად საქართველოს, ქართველ ხალხს. ამდენი მედალი დიდი რაღაცაა ასეთი პატარა ქვეყნისთვის. ჩემი შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ყველა სპორტსმენისთვის ოლიმპიური მედალი ოცნებაა და ისტორიაა. თავს გადავდებ შემდეგი ოლიმპიადისთვის, რომ ოქროს მედალი ჩემს ქვეყანაში ჩამოვიტანო“, – განაცხადა გივი მაჭარაშვილმა.
პარიზის ოლიმპიადა საზეიმოდ 11 აგვისტოს დაიხურა, მომდევნო თამაშებს 2028 წელს ლოს ანჯელესი უმასპინძლებს.
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა. პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.