ლაშა სუხიშვილი - გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი შეფასება საკმაოდ მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს, ვინაიდან წინასწარია, დასკვნითი ნაწილი შეიძლება, შეიცვალოს, მაგრამ საყრდენი მონაცემები ღირებულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასება საკმაოდ მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს. ვინაიდან წინასწარია, დასკვნითი ნაწილი შეიძლება, შეიცვალოს, მაგრამ საყრდენი მონაცემები ღირებულია, – ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩანს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნადაა მომატებული ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურების ანომალიები (შოვის მეტეოსადგური). ასევე საინტერესო იქნებოდა ცალკე აბლაციის პერიოდის მონაცემები;
მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მზის ნათების ხანგრძლივობის ანომალიები;
აღნიშნულია, რომ „პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა“;
წერია, რომ „მდინარე ბუბისწყლის ხეობა ხასიათდება რთული რელიეფით, სადაც დაგროვილია ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვის დიდი მოცულობის პროდუქტები. ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილების ფონზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში გააქტიურებულია მყინვარის პულსაციური პროცესები და აღნიშნული ხეობის მყინვარები არ არის გამონაკლისი“;
„ხეობის რთული გეოლოგიური აგებულება, სეისმო-ტექტონიკური პირობები, რელიეფის მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი (მორფოლოგიური პირობები) და კლიმატური ცვლილებები ხელსაყრელ გარემოს ქმნის ხეობაში ბუნებრივი სტიქიური პროცესების ჩასახვა-გააქტიურებისთვის”.
საინტერესო იქნებოდა ჭანჭახის წყლის დონის მრუდში ცალკე ბუბისწყლის წილის გამოყოფა, რომ გამოჩენილიყო შემცირდა თუ არა ბუბის ჩამონადენი. ასევე, ნახსენები იყო ხარჯის მზომი სენსორი, წყლის ხარჯების ჩვენებაც კარგი იქნებოდა.
დოკუმენტი აჩვენებს, რომ მონიტორინგს აზრი აქვს, წინასწარი პროქსი ნიშნები მოდის ხოლმე.
ამდენი კომპონენტის თანხვედრა მნიშვნელოვანი სიგნალია ხეობაში დეტალური კვლევისთვის. სხვა რეგიონების მონაცემებიც რომ გაანალიზდეს (ინსტრუმენტულად, საველე გასვლებით, ვერტმფრენებით შეფრენებით, სატელიტებით, დრონებით, ლაბორატორიებით), აღმოჩნდება, რომ კატასტროფამდე ბევრი სიგნალი მოდის, რომელსაც ვერ ვამჩნევთ.
ვინ უნდა მოერიოს ამდენს? სტუდენტები, უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუციები, უცხოელი პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორები, სამთავრობო სტრუქტურები.
რაც შეეხება წინასწარ დასკვნებს, აღნიშნული აქვთ, რომ სავარაუდოა და ამიტომ ალბათ დააზუსტებენ – მაგალითად, სტიქიის აქტიური ფაზის ხანგრძლივობას (8-10 წუთს); ასევე წყლის წარმომავლობის საკითხს.
მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა ამდენ ინფორმაციას მძიმე ფონზე ძალიან მოკლე ვადაში მოუყარეს თავი და გააანალიზეს, ამიტომ დასაფასებელია.
დაბოლოს, „მდ. ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის“. დიახ, ბეტონებით ვერ დავიჭერთ“, – წერს ლაშა ხუციშვილი.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (მდ. ჭანჭახის აუზი) განვითარებული სტიქიური მოვლენების პირველადი შეფასება გამოაქვეყნა.