ლაშა პაპაშვილი - არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პოზიციას, რაც ლარის ცალმხრივად გაუფასურებას უწყობს ხელს
ეროვნულ ვალუტას საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უცხოური ვალუტის შესყიდვა და ლარის წინააღმდეგ მიმართული ინტერვენციები აღარ განახორციელოს, – ამის შესახებ კომპანია „რედიქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა რუსეთთან გართულებული ურთიერთობისა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, პაპაშვილს საქართველოში დღეს არსებული ბიზნესკლიმატის შეფასება სთხოვა.
პაპაშვილი აზრით, მდგომარეობა მაინც სტაბილურია, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებებში არის გარკვეული ხარვეზები, რომელიც ბიზნესის ინტერესებს აზიანებს. თუმცა ბიზნესმენის აზრით, ქვეყნის დიდი გამოწვევაა ეროვნული ვალუტის გაუფასურება.
„მდგომარეობა ვფიქრობ მაინც სტაბილურია. არის მცირედი ხარვეზები. ბოლოს გვქონდა შეხვედრა პრემიერთან და ეკონომიკურ ბლოკთან. ისეთი თემა, როგორიც არის ე.წ. ოქროს სიის გაუქმება, არ უნდა ხდებოდეს ასეთი გადაწყვეტილებები, რაც ბიზნესს აზიანებს. დიდი გამოწვევაა ამ ქვეყნისთვის ასევე ლარის კურსი“, – განაცხადა პაპაშვილმა.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ დიდი ხანია არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომელიც ინფლაციის რეგულირებას ლარის გაუფასურებით ახდენს. მისი აზრით, რადგან ქვეყანამ უცხოური ვალუტის სავალდებულო რეზერვი მინიმალურ დონემდე უკვე შეავსო, აღარ უნდა მოხდეს უცხოური ვალუტის შეძენა, რაც ლარის კურსზე უარყოფითად აისახება.
„ლარის კურსთან დაკავშირებით მე დიდი ხანი ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ არ მივესალმები და არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პოზიციას, რაც ლარის კურსის ცალმხრივად გაუფასურებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, ჩვენნაირი ეკონომიკებისთვის კურსი უმნიშვნელოვანესია და არა მხოლოდ ინფლაცია. ეროვნული ბანკისთვის ძირითადი ამოცანა ინფლაციის დაჭერაა. მსხვილი ქვეყნებისთვის და წამყვანი ეკონომიკებისთვის ინფლაცია მართლაც შეიძლება უმთავრესი იყოს, მაგრამ ჩვენი ზომის ეკონომიკისთვის, ასევე უმნიშვნელოვანესია ეროვნული ვალუტის კურსი და მე ლარის გამყარებას რაც შეიძლება მეტად შევუწყობდი ხელს. ჩვენი ქვეყნისთვის ლარს გადამწყვეტი როლი აქვს და ამაში ნებისმიერი მოქალაქე დამეთანხმება. იმის ფონზე, როდესაც ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ სავალუტო რეზერვი მართალია მინიმალურ, მაგრამ მაინც ზღვარზე ავიდა და ზღვრებში ჯდება, ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უცხოური ვალუტის შესყიდვა და ლარის კურსის წინააღმდეგ ცალმხრივი ინტერვენციები აღარ განახორციელოს“,- განაცხადა პაპაშვილმა.