ლაშა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში უნიკალური მოვლენაა
ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო პოლიტიკური ქველმოქმედების 8-წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია იტყვის თავის სიტყვას, – ამის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც ლაშა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში.
„ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო, პოლიტიკური ქველმოქმედების 8-წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია იტყვის თავის სიტყვას. რასაკვირველია, ამ მასშტაბის ლიდერის პოლიტიკიდან გასვლა, არის ძალიან დიდი გამოწვევა პარტია „ქართული ოცნებისთვის“ და ზოგადად სახელისუფლებო გუნდისთვის, მაგრამ იმავდროულად, ნებისმიერი გამოწვევა აქტიური ადამიანისთვის, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
ლაშა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ გამოწვევას, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი ღირსეულად და წარმატებით გაართმევს თავს, გაათმაგებული ენერგიით იქნება ერთგული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის.
„ბიძინა ივანიშვილმა რაც ქართულ პოლიტიკაში გააკეთა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკური ქველმოქმედების სახით, ეს არის უნიკალური შემთხვევა. მან მოახდინა ხელისუფლების დემოკრატიული ტრანზიცია საკუთარი თავიდან პოლიტიკურ გუნდზე – ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსოფლიოში უნიკალური შემთხვევა, როდესაც უმაღლესი სახალხო ლეგიტიმაციით აღჭურვილი პოლიტიკური ლიდერი, ნებაყოფლობით ახდენს ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაცემას პოლიტიკურ ლიდერთა გუნდზე. ჩემი აზრით ამას ისტორია კიდევ უფრო მეტად შეაფასებს“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.