ლაშა კილაძე - ორ ფსიქიატრიულ კლინიკას ჩინელი პარტნიორები საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით აშენებენ
ორ ფართო პროფილის მქონე ფსიქიატრიულ კლინიკას ჩინელი პარტნიორები საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით აშენებენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური პროგრამების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებიც თავიდან ბოლომდე არიან ჩართული, – ამის შესახებ “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” გენერალურმა დირექტორმა, ლაშა კილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მეტიც, ჩვენ გაგვაჩნია წინასწარი შეთანხმება, რომ ამ ჯგუფის წევრები ინფრასტრუქტურის დაგეგმვის, პროექტირების დროსაც კი ვიქნებით ჩართული, რადგან ეს ცენტრები ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სიმძლავრეებით იმ ფუნქციას უნდა შეესაბამებოდეს, რასაც საზოგადოება ცენტრს აკისრებს“, – განაცხადა კილაძემ.
მისი თქმით, იმის გამო, რომ არ არსებობს ინსტიტუცია, სადაც ფსიქიატრიული პაციენტები თავიანთი მდგომარეობის შესაბამის მომსახურებას მიიღებენ, ბევრი მათგანი სტაციონარული დახმარების კომპონენტშია ჩართული მაშინ, როცა ამას არ საჭიროებენ.
ამასთან, როგორც კილაძემ აღნიშნა, პაციენტების მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების როლი და ჩართულობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, პაციენტთა ოჯახის წევრებს დავუმკვიდროთ დამოკიდებულება, რომ მკურნალობა მხოლოდ სტაციონარის ფარგლებში არ ხდება და ეს იზოლაცია, თუ ასე ვთქვათ, დესოციალიზაცია, ადამიანის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი სულაც არ არის. პირიქით, უმჯობესია, პაციენტი მისთვის ჩვეულ გარემოში, ოჯახის წევრებთან იმყოფებოდეს“, – განაცხადა კილაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხშირშემთხვევაში, რატომ აცხადებენ უარს პაციენტების სახლში წაყვანაზე მათი ოჯახის წევრები, ლაშა კილაძემ განაცხადა, რომ ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს.
„უმეტესწილად, ამის მიზეზი ის არის, რომ ამ ტიპის ადამიანებთან ყოველდღე ურთიერთობა ძალიან რთულია, თუ შესაბამისი ცოდნა, უნარები და მათთან ურთიერთობის ცოდნა არ გაგაჩნია“, – განაცხადა კილაძემ.