ლაშა ხუციშვილმა სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა
ლაშა ხუციშვილმა სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსსა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის პროგრამების ახალ ხელმძღვანელ მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

მათივე ცნობით, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გამო, ასევე იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს ქვეყანას მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში.

„აღსანიშნავია, რომ წელს ბანკთან თანამშრომლობის 30 წლის იუბილე აღინიშნება. ფინანსთა მინისტრმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამ პარტნიორობის მნიშვნელობას.

მსოფლიო ბანკთან 30-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.