ლაშა ხუციშვილმა ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ბანკის მმართველთა საბჭოს სესია გახსნა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 54-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს სესია, რომელსაც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში გაუძღვა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
როგორც ცნობილია, ფორუმი დაგეგმილი იყო თბილისში, თუმცა გლობალური პანდემიის გამო აღნიშნული ღონისძიება კვლავ ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.
„2024 წელს ჩვენ უკვე თბილისში ვუმასპინძლებთ ამ მასშტაბურ და მნიშვნელოვან შეხვედრას. ვიმედოვნებ, ამ დროისთვის ერთობლივად მივაღწევთ წარმატებას გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზაზე“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს ასეთ რთულ ვითარებაში ყოველწლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორუმები იძლევა კარგ შესაძლებლობას, განხილულ იქნას თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაესვას აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში.
გლობალურ პანდემიაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა ADB-ის წვლილი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითაც.
„ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მიერ „კოვიდ-19“-ზე რეაგირებისთვის შემუშავებული 20 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი წევრი ქვეყნებისთვის. აღნიშნული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზიანის მინიმუმამდე შემცირებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ამჟამად, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა ვაქცინა უკვე შექმნილია და ვაქცინაციის პროცესიც დაწყებულია, თუმცა ამ წარმატების მიუხედავად, ჩვენ მაინც ვხედავთ მნიშვნელოვან ხარვეზებს ვირუსთან ბრძოლაში, განსაკუთრებით, ვაქცინების მარაგების მხრივ. იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს ხარვეზი და გაიზარდოს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა, მიმაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს აზიის განვითარების ბანკის როლი ამ პროცესში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად უნდა გაგრძელდეს და განმტკიცდეს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკონომიკის საფუძვლების განმტკიცებას და შოკის მიმართ მდგრადობას.
„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის პოლიტიკა. საქართველო თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის მხარდამჭერია და ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება. უფრო მეტი ინტეგრაცია, ღიაობა და დაბალი ბარიერები მსოფლიო ეკონომიკური არქიტექტურის საკვანძო ფაქტორებია და ჩვენ სწორედ მათზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მან, ასევე, ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის როლზე კერძო სექტორის განვითარების პროცესში.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კერძო სექტორის როლი, რადგან ის ნამდვილად არის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. ADB-ის როლი აქაც მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა კერძო სექტორს, მხარდაჭერის ჩვეულებრივი ინსტრუმენტები შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი, ამიტომ საჭიროა ფიქრი ახალი მექანიზმების შემუშავებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ზრუნვა. ადამიანური კაპიტალის ინდექსში პირველი ოთხი ქვეყანა სწორედ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონიდანაა. მიუხედავად ამისა, არიან ქვეყნები, მათ შორისაა საქართველოც, რომლებიც ჯერ კიდევ ჩამორჩებიან სხვებს თავისი მონაცემებით. ეხმარება რა წევრ სახელმწიფოებს ჯანდაცვისა და განათლების სისტემების რეფორმირებაში, აზიის განვითარების ბანკმა დააგროვა დიდი გამოცდილება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული. დარწმუნებული ვარ, ბანკი იქნება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ეკონომიკის აღდგენის საერთო დღის წესრიგის შემდგომი განვითარებისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნების მმართველებს და ბანკის ხელმძღვანელობას თანამშრომლობის გაღრმავებისა და პარტნიორობისთვის.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.