ლაშა ხუციშვილი - ვიმედოვნებ, ერთთვიანი პერიოდი, რაც აქვს გაცხადებული „ენკას“ ხელშეკრულების შესაწყვეტად, საკმარისი იქნება კომპანიასთან გარკვეული შეთანხმების მისაღწევად
ლაშა ხუციშვილი - ვიმედოვნებ, ერთთვიანი პერიოდი, რაც აქვს გაცხადებული „ენკას“ ხელშეკრულების შესაწყვეტად, საკმარისი იქნება კომპანიასთან გარკვეული შეთანხმების მისაღწევად

ვიმედოვნებ, ერთთვიანი პერიოდი, რაც აქვს გაცხადებული „ენკას“ ხელშეკრულების შესაწყვეტად, საკმარისი იქნება, რომ მოხდეს კომპანიასთან გარკვეული შეთანხმების მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს.

„პირველ რიგში, იმედს გამოვთქვამ, რომ ის პერიოდი, რა პერიოდიც აქვს გაცხადებული კომპანიას ხელშეკრულების შესაწყვეტად, თუ არ ვცდები, ერთთვიანი პერიოდია,  საკმარისი იქნება, რათა მოხდეს კომპანიასთან გარკვეული შეთანხმების მიღწევა. რა თქმა უნდა, სურვილია, შეთანხმება გულისხმობდეს იმას, რომ კომპანიამ გააგრძელოს ეს პროექტი და დასრულდეს იმ ვადებში, რა ვადებიც იყო განსაზღვრული.

ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ  პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს და დადგენილ ვადებში დასრულდეს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, აცხადებს, რომ საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია „ენკას“ განცხადებაში.