ლაშა ხუციშვილი - უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე სახელმწიფოს ექნება კომუნიკაცია და მოვითხოვთ ინფორმაციას, რის საფუძველზე კეთდება მსგავსი განცხადებები
უკრაინის დაზვერვის მხრიდან უკვე მეორედ მოვისმინეთ განცხადება და სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც არანაირი დამატებითი ინფორმაცია მოწოდებული არ არის, ამაზე სახელმწიფოს ექნება კომუნიკაცია და მოვითხოვთ ინფორმაციას, რის საფუძველზე კეთდება ასეთი განცხადებები, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
ხუციშვილი გამოეხმაურა უკრაინული მედიის მიერ ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რუსეთი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის“.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ მკაფიოდ იქნა გაცხადებული, რომ საქართველო არ და ვერ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და ქვეყანა.
„ამ მიმართულებით საქართველომ გადადგა ყველა ის ნაბიჯი და ქმედება, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას აღნიშნული ქმედება. ეს ეხება როგორც საფინანსო მიმართულებით დაწესებულ სანქციებს, ასევე კონკრეტულ საქონელთან მიმართებაში დაწესებულ სანქციებს.
ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს აღნიშნული სანქციები. ჩვენი პარტნიორები ძალიან დეტალურად არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს საქართველო, რა სახის ღონისძიებებს ატარებს. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებს შეკითხვები არ აქვთ.
საქართველო ყველა ჩვენს პარტნიორთან ახდენს ინფორმაციის გაცვლას, დაზუსტებას მთელი რიგი მიმართულებით. შესაბამისად, ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ რაიმე ტიპის შეცდომა დაშვებული არ იქნება. ბუნებრივია, როდესაც საუბარი გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით საქონლის მოძრაობაზე, აქ მნიშვნელოვანია დეტალურად იქნას განმარტებული ყველა ის სანქცია, რომელიც არის დაწესებული.
რაც შეეხება განცხადებას, რომელიც უკვე მეორედ მოვისმინეთ და სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც არანაირი დამატებითი ინფორმაცია მოწოდებული არ არის, ამ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ექნება კომუნიკაცია და მოვითხოვთ ინფორმაციას, რის საფუძველზე კეთდება ასეთი განცხადებები. შინაარსობრივად რომ შევხედოთ, თუ რაზეა საუბარი, რაზეც განცხადებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ისაა, რომ რუსეთში წარმოებული პროდუქცია შესაძლებელია რეექსპორტით გავიდეს იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც აკრძალულია ასეთი ტიპის საქონლის შეტანა. უპირველესად, ქვეყნებში, რომლებსაც არ აქვს დაწესებული სანქციები, ასეთი საბაჟო ოპერაციები არ კეთდება, როდესაც სანქციები არაა დაწესებული და საქართველო იყოს რეექსპორტი ქვეყანა. ამ შემთხვევაში საქართველო შეიძლება იყოს ტრანზიტი ქვეყანა, როდესაც ორი ქვეყანა ვაჭრობს ერთმანეთთან იმ პროდუქციით, რომელიც არ არის სანქცირებული. ხოლო მეორე შემთხვევაში, საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ ქვეყნებში, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული, ამ სანქციებთან მიმართებაში არ მოხვდეს რუსული პროდუქცია“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ხუციშვილის თქმით, ამ ნაწილში პირველსავე დღიდან არის ძალიან მკაცრი საბაჟო კონტროლი, რომელიც ხორციელდება შესაბამისი რისკის პროფილების გამოყენებით.
„რისკების ეს პროფილები სანქციების დაწესების პირველსავე დღიდან არის საბაჟო სისტემაში იმპლემენტირებული. ხოლო მეორე მხრივ, როდესაც ვსაუბრობთ საბაჟო საქონელზე, რომელიც შესაძლოა მოხვდეს ქვეყნებში, რომლებსაც დაწესებული აქვთ სანქციები (საუბარია ევროკავშირის ქვეყნებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, დიდ ბრიტანეთზე), ამ შემთხვევაში წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რუსული პროდუქცია, რომელიც აკრძალულია, საქართველოს გავლით გავიდეს ევროკავშირის ქვეყანაში, მას მიენიჭოს წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც არის ქართული წარმოშობის და ასეთი საქონელი შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც სათანადო კონტროლს ახორციელებს. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია განცხადება, რაც მოვისმინეთ და მოვითხოვთ შესაბამის განმარტებებსა და ინფორმაციას. ჩვენს პარტნიორებს, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული, კონკრეტულ სანქციებთან მიმართებით, საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არ გააჩნიათ“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.