ლაშა ხუციშვილი - სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით 2022 წლამდე არანაირი ცვლილება არ იგეგმება
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც სპეკულაციაა.
აღნიშნულ საკითხს ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება და განმარტავს, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით, თუმცა არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ 10 და 15 ლარი უნდა გახდეს.
„არსებობს ევროკავშირის მიერ მიღებული დირექტივა თამბაქოს აქციზის განაკვეთების შესახებ, რომელიც აწესებს თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის მინიმალურ განაკვეთს, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის, ასევე ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება. საქართველოსთვის ამ ვალდებულების შესრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრული იყო 2022 წელი (2014 + 8 წელი)“, – წერს ხუციშვილი.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რომელთა შორისაა რეგიონული კონტექსტი, არალეგალური ვაჭრობის რისკები და სხვა, 2018 წელს ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიმართა და შეთანხმდა, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულებამ საქართველოსთვის 2026 წლამდე (2018 + 8 წელი) გადაიწია.
„დღეს, ანუ როცა ვალდებულების შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადამდე მინიმუმ, ექვსი წელია დარჩენილი, მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, უბრალოდ სპეკულაციაა და მეტი არაფერი. 2022 წლამდე საუბარი იმაზე, რომ ამ ვალდებულების შესრულებისთვის ამჟამად განსაზღვრული ვადა რეალისტურია თუ არა, უბრალოდ ნაადრევია. შეიძლება, ბევრს ჰქონდეს განცდა, რომ საკითხი ისედაც ცხადია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება იმ კონკრეტულ მომენტში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე და არა პროგნოზების და მით უმეტეს, მკითხაობის საფუძველზე“, – აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით 2022 წლამდე არანაირი ცვლილება არ იგეგმება.