ლაშა ხუციშვილი - საერთაშორისო ბირჟებზე საწვავის ფასი ბოლო ორი კვირის განმავლობაში 15-20 პროცენტით არის გაზრდილი, ამან ასახვა ჰპოვა საქართველოში საწვავის ღირებულებაზე
ლაშა ხუციშვილი - საერთაშორისო ბირჟებზე საწვავის ფასი ბოლო ორი კვირის განმავლობაში 15-20 პროცენტით არის გაზრდილი, ამან ასახვა ჰპოვა საქართველოში საწვავის ღირებულებაზე

საწვავის ფასი ბუნებრივია დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობიდან გამომდინარე არსებულ ფასზე. დღესდღეობით სახეზე გვაქვს სიტუაცია, როდესაც საწვავის ფასი განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 15-20 პროცენტით არის გაზრდილი. ბუნებრივია, საქართველოა არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, სრულად დამოკიდებულია იმპორტზე და ამან ასახვა ჰპოვა საწვავის ღირებულებაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული სტაბილურობა შენარჩუნდეს საერთაშორისო ბირჟებზე, რაზეც შემდგომ მოხდება შესაბამისი პასუხის გაცემა საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით.

„მეორე საკითხია, თუ რა შეიძლება იყოს გრძელვადიანი პასუხი საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით საწვავის ფასებთან მიმართებაში. ამ სიტუაციაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა იქიდან გამომდინარე, რომ თუ ჩვენ გადავხედავთ ბოლო ორი კვირის მონაცემებს, 15-20 დოლარის პარამეტრებში მერყეობს ვაჭრობის შედეგები, რაც დღესდღეობით არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად გრძელვადიანი სტრატეგია იქნას ჩამოყალიბებული. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული სტაბილურობა შენარჩუნდეს საერთაშორისო ბირჟებზე, რაზეც შემდგომ მოხდება შესაბამისი პასუხის გაცემა საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით. მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რა მოთხოვნებია დღეს დაწყებული საწვავის ფასთან დაკავშირებით, კონკრეტულად აქციზის და დღგ-ს გაუქმებასთან მიმართებაში, ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1,3 მილიარდ ლარს, ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 8-დან 9 პროცენტამდე. ბუნებრივია, ამხელა ტიპის შემოსავალზე, საგადასახადო ტიპის დაკლებაზე, როდესაც მიმდინარე წელი არის დაგეგმილი და დაგეგმილია იმ სოციალური ვალდებულებებით, რა ვალდებულებებიც ქვეყანას აქვს ჩვენი მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია ამაზე ამ ეტაპზე საუბარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის შემოსავლების დაკლება მიმდინარე წელს, როდესაც საკმაოდ ბევრია გამოწვევა ქვეყნისთვის და ეს მომდინარეობს იმ საომარი მდგომარეობიდან, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ხორციელდება, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ყველას მოგვიწევს და არამხოლოდ იმ ქვეყნებს, ვინც უშუალოდაა ჩართული ამ საომარ მოქმედებებში, არამედ იმ ქვეყნებს, ვინც რეგიონში არიან და ეკონომიკურ საქმიანობას, სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებდა უკრაინასთან, რუსეთთან, ბელარუსთან, შესაბამისად, ყველა ქვეყანას მოუწევს საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა ომთან მიმართებაში და ბუნებრივია, ინფლაციაც არის ის ფასი, რომლის გადახდაც თითოეულ ადამიანს მოუწევს და არამხოლოდ საქართველოში. ინფლაციის დონეზე, ვხედავთ რომ 40-50 წლის დონეზეა ამერიკაში, ევროპაში და ჩვენს სამეზობლოში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველო ვერ იქნება იმ პროცესებისგან იზოლირებული, რომელიც მსოფლიოშია შექმნილი.

„ბუნებრივია, საქართველო ვერანაირად ვერ იქნება იზოლირებული ამ პროცესიდან, რადგან საქართველო არის ღია ეკონომიკა და ვაჭრობას ახორციელებს ამ ქვეყნებთან, აქედან გამომდინარე, ეს ასახვას პოვებს ინფლაციის დონეზეც. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკა არის მიმართული, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ მოწყვლად ფენას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ასეთი ტიპის დახმარება, ბუნებრივია, იმ შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ამ მიმართულებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეუძლებელია ამ ოდენობის საგადასახადო შემოსავლებზე უარის თქმა ისე, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და შევასრულოთ ის სოციალური ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას აქვს. საუბარი არის დაახლოებით 1,3 მილიარდზე მეტ გადასახადზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგადასახადო შემოსავლებიდან 9 პროცენტამდე შეადგენს და ბუნებრივია, მიმდინარე წელს, როდესაც ბიუჯეტი დაგეგმილია და შესაბამისი სოციალური ვალდებულებები აღებული და გაწერილია, 9%-ის საგადასსახადო შემოსავლების შემცირება, ისე რომ არ მოხდეს შემცირება სოციალური ვალდებულებების, შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, პირველი პრიორიტეტი არის სწორედ ის მოწყვლადი ფენები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება ამ შეზღუდული რესურსიდან გამომდინარე და სწორედ ამ მიმართულებით იქნება გადადგმული ნაბიჯები. იმპორტიორები არიან სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის აზერბაიჯანი, რუმინეთი და ასე შემდეგ“, – განაცხადა ხუციშვილმა.