ლაშა ხუციშვილი - სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ყველა ფისკალური პარამეტრის დაგეგმვა და შესრულება
ლაშა ხუციშვილი - სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ყველა ფისკალური პარამეტრის დაგეგმვა და შესრულება

სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ყველა ფისკალური პარამეტრის დაგეგმვა და შესრულება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები აისახოს ამ პროგრამაშიც.

„სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის შეჩერება ახალი ამბავი არ არის, ეს იყო მას შემდეგ, რაც ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვიყავით და ვართ დიალოგში IMF-თან, მიმდინარეობს პარამეტრების გაცვლა, რა პარამეტრებზეც ჩვენ შეთანხმებული ვიყავით. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ყველა ფისკალური პარამეტრის დაგეგმვა და შესრულება. ამ მიმართულებით, ეს არის სამუშაო პროცესი, რაც შეეხება მიმოხილვას, მას შემდეგ, რაც გვექნება საბოლოო შეთანხმება პროგრამის პუნქტებთან დაკავშირებით, მას შემდეგ შევა ცვლილებები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. წინა ოთხწლიან პროგრამაშიც უამრავი ცვლილება განიცადა პროგრამამ დასაწყისიდან მის დასრულებამდე. შესაბამისად, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები აისახოს ამ პროგრამაშიც. კომუნიკაცია გვაქვს ჩვეულებრივად, როგორც აქამდე ხდებოდა. ყველა პარამეტრის გაცვლა და გაზიარება ხდება და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ის ნიშნული, რაც პროგრამის ფარგლებში თავიდანვე იყო დაგეგმილი, ის სრულდება იმის შესაბამისად, როგორც იყო დაგეგმილი. ბუნებრივია, უმჯობესია ეს პროცესი მალე დასრულდეს, საუბარია მიმოხილვებზე – მეორე და მესამე მიმოხილვის განხორციელებაზე. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მალე დასრულდეს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.