ლაშა ხუციშვილი - სასურსათო უსაფრთხოების გამყარებისთვის ქვეყანას მეტი ხორბლის შემოტანა თუ დასჭირდება, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, დღეს ასეთი საფრთხე არ დგას
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ხორბლის საკმარისი რაოდენობაა და სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხე არ ექმნება.
მისივე თქმით, მეტი რაოდენობის ხორბალი თუ იქნება საჭირო, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოში თვენახევრის ხორბლის რესურსია მომარაგებული.
„ფქვილის ფასთან დაკავშირებით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დინამიკურია სიტუაცია. ცვლილებები უზომოდ სწრაფად ხდება როგორც შემცირების, ასევე ზრდის მიმართულებით. შესაბამისად, ამ ეტაპზე მუშაობა გრძელდება. თუ იქნება საჭიროება და მაღალი რისკი, რომ ქვეყანას დასჭირდება მეტი ხორბლის შემოტანა სასურსათო უსაფრთხოების გამყარებისთვის, ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, იქნება მიღებული. სხვათა შორის, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო პანდემიის პერიოდში, გარკვეული თვეების განმავლობაში. დღეს ქვეყანაში ასეთი საფრთხე არ დგას. ქვეყანაში დაახლოებით 1.5 თვის ხორბლის რესურსია, რაც ქვეყანას ერთი თვე ყოფნის, ეს ასე თუ ისე დადგენილი სტანდარტია. თუ ასეთი საკითხი დადგება, რომ გარკვეულწილად შესაძლოა საფრთხე შეექმნას სასურსათო უსაფრთხოებას, ბუნებრივია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.