ლაშა ხუციშვილი - სანქციებთან მიმართებით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მკაცრი კონტროლი ხორციელდება, სანქციების ამოქმედებიდან 1 000-ზე მეტი საბაჟო ოპერაცია გაუქმდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სანქციების ამოქმედების პირველივე დღიდან საქართველოში ხდება სანქციების სრულად აღსრულება და დღეის მდგომარეობით, სწორედ დაწესებული სანქციების გამო, 1 000-ზე მეტი საბაჟო ოპერაცია გაუქმდა.
მინისტრის განმარტებით, კიდევ 500-ზე მეტ შემთხვევაში წინასწარ განემარტათ ბიზნესოპერატორებს, რომ ირღვეოდა სანქციები და, შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციები აღარ განხორციელებულა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სანქციებთან მიმართებით მკაცრი კონტროლი ხორციელდება.
„მებაჟე-ოფიცრები 24 საათის განმავლობაში ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და იცავენ ქვეყნის ეკონომიკურ საზღვარს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მიმართულებით საბაჟოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი, ბევრი წარმატება. ბუნებრივია, ეს, მათ შორის, შეეხება საერთაშორისო ნორმების შესაბამის აღსრულებას და პროცედურებს. მათ შორის, საერთაშორისო სანქციებთან საკავშირებით. საქართველოს საბაჟო ორგანო მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ამის დასტურია ბევრი კომუნიკაცია, რომელსაც ვიღებთ პარტნიორი ორგანიზაციებიდან, პარტნიორი ქვეყნებიდან, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიდან იმის შესახებ, რომ საქართველოს საბაჟო ჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. საქართველოში პირველივე დღიდან ხდება სანქციების სრულად აღსრულება. დღეის მდგომარეობით, მას შემდეგ, რაც სანქციები იქნა ამოქმედებული, 1 000-ზე მეტი საბაჟო ოპერაცია გაუქმდა სწორედ დაწესებული სანქციების გამო.
გარდა ამისა, გვაქვს 500-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც წინასწარ, ოპერაციის განხორციელებამდე განემარტათ ბიზნესოპერატორებს, რომ აღნიშნული ოპერაციით ირღვეოდა სანქციები, შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციები აღარ განხორციელდა. ამავდროულად, ჩვენ პროაქტიულად ვთანამშრომლობთ ბიზნესოპერატორებთან, რათ მათ წინასწარ იცოდნენ, რა ითვლება სანქციის დარღვევად და რა არის დაშვებული ოპერაცია.
საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სანქციებთან მიმართებით მკაცრი კონტროლი ხორციელდება. გარდა ამისა, პრაქტიკულად, ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. „ყაზბეგის“ გამშვებ პუნქტზე მოეწყო დამატებითი სკანერის მონტაჟი, სადაც ხდება ტვირთების სკანირება. გარდა ამისა, ძალიან ბევრი საბაჟო აღჭურვილობაა, რითიც ხორციელდება ეფექტური საბაჟო კონტროლი. ასევე, ჩვენ ვაგრძელებთ საბაჟო-გამშვები პუნქტების მშენებლობა-რეაბილიტაციას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.