ლაშა ხუციშვილი - სამივე სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას
სამივე სარეიტინგო კომპანიის (Fitch; S&P; Moody’s) შეფასებით, საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მიერ მიღწეული ეს შედეგი მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ქვეყანას საკრედიტო რეიტინგი და მოლოდინი გაუუარესდა.
„ძირითადი ფაქტორი, რის გამოც საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს, არის ქვეყნის მიერ გატარებული მყარი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რასაც მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საფინანსო ინსტიტუტები. შეფასებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ასევე, გახდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი. სულ ახლახან, აზიის განვითარების ბანკმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ. თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი იყო ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუზარდა 7,7%-მდე, რაც პრაქტიკულად იყო საბაზისო სცენარი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება. როგორც ცნობილია, 7 თვის შეფასებებით, ეკონომიკური ზრდა აღემატება 12%-ს. პოზიტიურ სცენარში 10,2%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს წარდგენილი და ყოველდღიური მონაცემები მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი მიმდინარეობს სწორედ პოზიტიური სცენარის მიმართულებით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.