ლაშა ხუციშვილი - საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა ტურიზმის სექტორის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით, შესაბამისად, ყველა ფაქტორი აისახება ლარის კურსზე
ლაშა ხუციშვილი - საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა ტურიზმის სექტორის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით, შესაბამისად, ყველა ფაქტორი აისახება ლარის კურსზე

ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები ტურიზმის სექტორის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით და შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი აისახება ლარის კურსზე, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

„ლარის კურსის გამყარება დამოკიდებულია მოლოდინებთან, რა მოლოდინებიც არსებობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან და გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ტურიზმის სექტორთან მიმართებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასთან მიმართებით. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები ყველა მიმართულებით, ტურიზმის სექტორის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით და შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი აისახება ლარის კურსზე. პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა ერთი მხრივ პანდემიის უშუალოდ განვითარებასთან, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასთან, ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილისა და მაისის თვეში სახეზე გვაქვს“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

კითხვაზე, როგორ აპირებს ხელისუფლება ფასების ზრდის მიმართულებით პროცესის დასტაბილურებას, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ „ამ მიმართულებით ფასების, ანუ ინფლაციის თარგეთირება, იმ მიზნობრივ ნიშნულთან დაახლოება არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანა“.

„ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად გადადგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს, რაც აუცილებლად აისახება ფასების დონეზეც. მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო თვეებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი უკვე აჩვენებს შემცირების ტრენდს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეისთვის, 21 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3537 ლარი ღირს, ევრო – 4.0895 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.7378 ლარი.