ლაშა ხუციშვილი - საერთაშორისო ბაზრებზე არასახარბიელო მდგომარეობამ ნეგატიურად იმოქმედა რვა თვის ეკონომიკურ ზრდაზე, ვფიქრობ, ამ პირობებში 7%-იანი ზრდა ძალიან კარგი შედეგია
ჩვენს ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაა, ამან ნეგატიურად იმოქმედა უკვე 8 თვის ეკონომიკურ ზრდაზეც, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პირობებში 7%-იანი ზრდა ძალიან კარგი შედეგია.
„მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დავაზუსტეთ, რომელიც თავიდან 5% იყო და მაშინვე ვთქვით, რომ ეს კონსერვატორული მიდგომა იყო. ჩვენს ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაა. ამან ნეგატიურად იმოქმედა უკვე იმ 8 თვის ეკონომიკურ ზრდაზეც, რაც გვაქვს. ვფიქრობ, ამ პირობებში 7%-იანი ზრდა ძალიან კარგი შედეგია. ჩვენი მოლოდინით, საერთაშორისო ბაზრებზე მდგომარეობა გაუმჯობესდება და აღდგება იმ პროდუქტების ექსპორტი, რომლებიც ერთ-ერთი წარმმართველი იყო ეკონომიკური ზრდისთვის. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედება ზრდის მიმართულებით და წლის განმავლობაში დაკორექტირდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.