ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, რას წარმოადგენს ე.წ. ოქროს სია, რა უპირატესობები აქვს მას და რატომ მიიღო უწყებამ გადასახადის გადავადებასთან დაკავშირებული შეღავათის გაუქმების გადაწყვეტილება.
ხუციშვილის ინფორმაციით, ე.წ. ოქროს სიაში ხვდებიან კომპანიები, რომლებსაც აქვთ დიდი ბრუნვა და სამართალდარღვევების მხრივ კარგი საბაჟო ისტორია.
მისი თქმით, „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიების რაოდენობა ცვალებადია და ძირითადად, 200-ის ფარგლებშია. 50 000-ზე მეტი კომპანია კი, „ოქროს სიის“ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, „ოქროს სიას“ აქვს ძირითადად ორი უპირატესობა: გადახდის გადავადება (+25 დღით) და შედარებით გამარტივებული პროცედურები საქონლის იმპორტისას.
„გადახდის ნაწილში შინაარსობრივად ეს არის უპროცენტო სესხი მიცემული სახელმწიფოს მიერ მხოლოდ 200 კომპანიაზე. პროცედურული ნაწილი განპირობებულია სამართალდარღვევების არ ქონის კარგი ისტორიით. „ოქროს სია“ არსად მიდის და არ უქმდება. „ოქროს სია“ რჩება, უქმდება გადახდის გადავადება და „ოქროს სიის“ კომპანიები ისარგებლებენ მხოლოდ გამარტივებული პროცედურებით, როგორც ეს არის მიღებული ყველა ქვეყანაში“, – წერს ლაშა ხუციშვილი.
მისი თქმით, იმპორტის დროს ყველა კომპანიისთვის (50 000 + 200) გადახდის 30 დღიანი ვადის მიცემა შეუძლებელია არსებული საბაჟო რისკებიდან გამომდინარე.
„რეალობაა, რომ 30 დღეში ვეღარ იპოვი ვერც კომპანიების გარკვეულ ნაწილს და ვეღარც საქონელს, რათა კუთვნილი გადასახადის გადახდა მოხდეს ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ეს რეალობა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის, ასეა გადასახადის გადახდის ბევრად უფრო მაღალი კულტურის მქონე ქვეყნებშიც“, – აღნიშნავს ფნანსთა მინისტრის მოადგილე.
რაც შეეხება 30 დღიანი შეღავათის ყველაზე გავრცელების ფისკალურ ეფექტს, ლაშა ხუციშვილის თქმით, ხუთ დღიანი შეღავათის პირობებში უკვე არსებული ქეისების გათვალისწინებით, ფისკალური ეფექტი შეიძლება, რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იყოს, ახლოს 300 მილიონთან.
„თუ აქამდე მხოლოდ მალფუჭებად საქონელთან მიმართებაში იყო დიდი რისკები, შემდეგ იქნება ყველა სახის საქონელთან მიმართებაში. აქ ფისკალური ეფექტი მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ კუთხით, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი და ამით კიდევ უფრო დაამძიმებს კეთილსინდისიერი გადამხდელის მდგომარეობას, გადასახადების გადახდის გარეშე განხორციელებული იმპორტის გამო. სხვა თანაბარ პირობებში გადახდის გადავადების ფისკალური ეფექტი ერთჯერადია და ნაკლებად მნიშვნელოვანი საგადასახადო პოლიტიკის მხრივ“, – აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
მისივე განმარტებით, ერთადერთი მექანიზმი, რაც შეიძლება არსებობდეს რისკების დაზღვევისთვის, არის საბანკო-სადაზღვევო გარანტიის წარდგენა 30 დღეში გადასახდელ თანხაზე, რაც ზოგ შემთხვევაში, სესხის აღების ტოლფასია.
„შეუძლებელია, ასეთი რისკების დაზღვევა მოხდეს სხვანაირად. ეს არ ხდება არც ერთ ქვეყანაში და ვერ მოხდება ვერც საქართველოში. საბანკო გარანტიას შეზღუდულ შემთხვევებში ნამდვილად იყენებს ზოგიერთი ქვეყანა, თუმცა საქართველოში არსებული საგადასახადო ვალის მართვის სისტემაც იძლევა საგადასახადო დავალიანებაზე გრაფიკის გაკეთების უფრო სწრაფ საშუალებას“, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოში შეღავათი მხოლოდ 200 კომპანიისთვის იმიტომ იყო დადგენილი, რომ ვერანაირად ვერ მოხდებოდა არსებული რისკების მართვა ყველა კომპანიასთან მიმართებაში.
„თავიდანვე შეღავათები გავრცელდა მხოლოდ კომპანიების ძალიან შეზღუდულ რაოდენობაზე (ამ კითხვაზე პასუხისთვის სხვა ბევრი ვერსიაც არსებობს, რომელიც ამ საკითხზე მსჯელობისთვის ნაკლებად საინტერესო მგონია). დღეს მოცემულობა არის შემდეგი: უნდა მოხდეს გადახდის ნაწილში პირობების გათანაბრება ყველა კომპანიისთვის ან უნდა შენარჩუნდეს მდგომარეობა, რაც არის ახლა.
საგადასახადო პოლიტიკის უმთავრესი პრინციპია, ესა თუ ის შეღავათი არაკონკურენტულ პირობებში არ უნდა აყენებდეს სხვას, ან როგორც მინიმუმ, ეს უნდა იყოს ძალიან არამატერიალური. ამიტომაც არის, რომ შეღავათები შეიძლება, დაუწესდეს რომელიმე დარგს და ამ დარგში მყოფ ყველა კომპანიას და არა, რომელიმე კომპანიას ინდივიდუალურად. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ყველა სხვა პრინციპი, მათ შორის საგადასახადო ტვირთის სიმძიმე და ადმინისტრირების პროცედურული საკითხები“, – წერს ლაშა ხუციშვილი და ასევე აღნიშნავს, რომ სამართლებრივად „ოქროს სიას“ არანაირი პრობლემა არ აქვს.
მისი შეფასებით, სწორედ ამ მიდგომით უნდა აფასებდეს ყველა, ბიზნესი და ბიზნესის ინტერესების დამცველები საგადასახადო პოლიტიკას.
„დღეს ერთი კრიტერიუმით შეიძლება შეირჩეს პრეფერენციული 200 კომპანია და ხვალ მეორეთი – ასეთ დროს ბიზნესის ინტერესების დამცველი კი, უნდა იყოს ბიზნესის ინტერესების დამცველი ყველასთვის და არა, რომელიმე კონკრეტული ათეული კომპანიისთვის. მესმის, საკმაოდ რთულია გარკვეული პრივილეგიების დაკარგვა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ეს პრივილეგიები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, ზოგ შემთხვევაში, გარკვეულწილად ბიზნესმოდელის ნაწილიც კი გახდა და შეიძლება, კონკრეტულ კომპანიასთან მიმართებაში არსებულ პრობლემებზეც ვისაუბროთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეთრზე შავის მტკიცება დავიწყოთ“, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე .
ლაშა ხუციშვილის თქმით, არგუმენტი, რომ მიღებული გადაწყვეტილება მძიმე მდგომარეობაში აყენებს 200 კომპანიას და ამიტომ არ უნდა მოხდეს პირობების გათანაბრება, არასწორი სტრატეგიაა ამ საკითხით დაინტერესებული პირების მხრიდან ორი მიზეზის გამო.
„ერთი – ეს არ არის ისეთი წონადი საკითხი, როგორც ამის წარმოჩენა ხდება და მეორე – 50 000-ზე მეტი კომპანია სწორედ ამ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას ათეული წლის განმავლობაში (მე-8 პუნქტს თუ ვიზიარებთ ეს რეალურად კონტრარგუმენტიც გამოდის). საუბარი იმის შესახებ, რომ გასწორდეს უთანაბრო სიტუაცია და ყველამ ისარგებლოს 30-დღიანი გადახდის შეღავათით, უბრალოდ პრობლემის გვერდის ავლის მცდელობაა. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია საკითხში, მიხვდება, რომ ეს შეუძლებელია გაკეთდეს ძალიან დიდი დანაკარგის გარეშე. ერთი საგადასახადო ადმინისტრაცია მაინც თუ არსებობს, ვინც ადმინისტრირების ამხელა რისკს მართავს, დიდი სიამოვნებით გავეცნობი მათ პრაქტიკას“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
მისი თქმით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ გადასახადების გადახდის ნაწილში არ უნდა არსებობდეს ინდივიდუალური პრეფერენციები მხოლოდ 200, 500 და თუნდაც 1000 კომპანიისთვის.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა.