ლაშა ხუციშვილი - „საბაჟო კოდექსის“ დამტკიცება პირველ იანვრამდე ვერ მოესწრება
ახალი „საბაჟო კოდექსი“, სავარაუდოდ, პირველი იანვრიდან არ ამოქმედდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განუცხადა.
ხუციშვილის თქმით, დოკუმენტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მისი საბოლოო ვერსია სექტემბერში მომზადდა, მათ შორის ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად. გარდა ამისა, კანონპროექტი საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა. თუმცა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კანონპროექტის ამოქმედების ვადა სავარაუდოდ, გადაიწევს. კოდექსის ამოქმედება პირველი იანვრიდან იგეგმებოდა.
„საბაჟო კოდექსის პროექტს არ აქვს დაჩქარებული განხილვის სტატუსი, რადგან ახალი კანონია. ის ვადები, რა ვადებიც სჭირდება პარლამენტს დოკუმენტის განხილვისთვის, ბუნებრივია, იქნება სრულად გამოყენებული. პირველ იანვრამდე ამ დოკუმენტის განხილვა და დამტკიცება სამივე მოსმენით, ასევე გამოქვეყნება ვერ მოესწრება“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
„საბაჟო კოდექსი“ დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.