ლაშა ხუციშვილი - ქვეყანას ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს
ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, დამატებითი შემოსავლები უჩნდება ქვეყანას და აღნიშნული შემოსავლები მიემართება პრიორიტეტულ მიმართულებებს.
„თანხები, რომელიც მობილიზებულ იქნა საქართველოს ბიუჯეტში, იმის შედეგია, რომ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით. ჩვენ თუ ბოლო 3-4 წლების შედეგებს შევაფასებთ, საგადასახადო შემოსავლები საქართველოში ფაქტობრივად გაორმაგებულია. დაახლოებით 11,5 მლრდ ლარიდან 22 მლრდ ლარზეა ასული. გადასახადების წყარო არის ის ეკონომოკური აქტივობა, რაც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო. გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.5 პროცენტის ოდენობით, შემდეგ გვქონდა 10.1 პროცენტის ოდენობით. 6.8 პროცენტის ოდენობით არის ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს.
შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, დამატებითი შემოსავლები უჩნდება ქვეყანას და აღნიშნული შემოსავლები მიემართება იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორებიცაა სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებები. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს განათლების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის და ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანად წარმატებისთვის“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.