ლაშა ხუციშვილი - პროცესი იქნება გამჭვირვალე, საქართველოსთვის მომზადებული კითხვარი მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შეივსება და მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს
ლაშა ხუციშვილი - პროცესი იქნება გამჭვირვალე, საქართველოსთვის მომზადებული კითხვარი მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შეივსება და მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირში წევრობის განაცხადზე ქვეყნისთვის კითხვარის გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.

ხუციშვილის თქმით, კითხვარის შევსების პროცესი სრულად გამჭვირვალედ წარიმართება და მაქსიმალურად ჩართული იქნება ყველა ის პირი, რომელსაც დამატებითი წვლილი შეუძლია, შეიტანოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, როდესაც ქვეყანას შესავსებად გადაეცემა შესაბამისი კითხვარი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში ბრიუსელს, რათა გავაგრძელოთ შემდგომი პროცესი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ეს პროცესი წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ. მაქსიმალურად ჩართული იქნება ყველა ის პირი, რომელსაც დამატებითი წვლილი შეუძლია, შეიტანოს როგორც ხარისხობრივად, ასევე კითხვარის სწრაფად და დროულად შევსებაში. ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე და ყველა ის კითხვა, რომელიც იქნება საქართველოსთვის მომზადებული, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შეივსება და მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს. საქართველო დგამს ყველა ნაბიჯს, რათა ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად წარმატებული. ბუნებრივია, ამ პროცესში გვაქვს გამოწვევებიც, ძალიან ბევრი წარმატებაც და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარიმართება იმდაგვარად, რომ საქართველო ძალიან მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს დღეს გადასცემს.

როგორც ევროკომისარმა განაცხადა, პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ.