ლაშა ხუციშვილი - პორტში გემის შემოსვლა იყო ლეგიტიმური, არც გემი, არც მეპატრონე არ იყო სანქცირებული, ამ საკითხთან დაკავშირებით აჟიოტაჟი გაუგებარია
გაუგებარი იყო ის აჟიოტაჟი, რაც ატეხილი იყო გემის საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განუცხადა.
სანქცირებული საქონლით დატვირთული გემის ბათუმის პორტში შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა,, რომ გემის შემოსვლა იყო ლეგიტიმური, რადგან არც გემი, არც გემის მეპატრონე არ იყვნენ სანქცირებული.
„გემის შემოსვლა პორტში იყო ლეგიტიმური, რადგან არც გემი და არც გემის მეპატრონე არ იყო სანქცირებული. შესაბამისად საზღვაო სააგენტომ მისცა გემს უფლება, შესულიყო პორტში. მეორე მხრივ, ტვირთთან მიმართებით გადამოწმებას აკეთებს შემოსავლების სამსახური. მოხდა შესაბამისი გადამოწმება, ტვირთი ცალკე აღებული სანქცირებული არ იყო. რუსეთიდან მიდიოდა თურქეთში და იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთი არაა შეერთებული სანქციებს, ასევე უშუალოდ ტვირთი არ იყო სანქცირებული. რაც შეეხება უშუალოდ კომპანიას, რომლის მიერაც იქნა ტვირთი გამოგზავნილი, ის იყო სანქცირებულ კომპანიათა სიაში. ეს დადასტურებულ იქნა, რაც კომპანიის მიერ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია. შესაბამისად, როგორც კი წარმოდგენილი იქნა ეს ინფორმაცია, შესაბამისი ინსტრუქცია გაიცა, რომ უკვე 27-ში დილითვე ტვირთს დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. დანარჩენი დრო დასჭირდა იმას, რომ გემთმფლობელი და გადამზიდავი უნდა შეთანხმებულიყვნენ, თუ რა მიმართულებით წასულიყო გემი. შესაბამისად, გაუგებარი იყო ის აჟიოტაჟი, რაც ატეხილი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, არც ტვირთის გემიდან ჩამოტვირთვის და არც რომელიმე საბაჟო ოპერაციაში მოქცევის ნებართვა შემოსავლების სამსახურის მხრიდან არ გაცემულა.
„მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამა თუ იმ მიმართულებით სანქცირებულ ტვირთთან მიმართებით შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა კონტროლი. ბუნებრივია, ტვირთი თუ არ შემოვიდა საქართველოში და თუ არ ნახა დოკუმენტაცია ტვირთთან დაკავშირებით, ისე კვალიფიკაცია ვერანაირად ვერ მიეცემა. ეს არ არღვევს სანქციებს. შესაბამისად, ყველა ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფაქტი იქნა გამოვლენილი, საქართველოს საზღვარი იქნა გადმოკვეთილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთა მოხდა. იმიტომ, რომ საბაჟო პროცედურების განსაზღვრა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება ტვირთთან დაკავშირებით სანქციების კონტროლი. ამ შემთხვევაში არც ტვირთის გემიდან ჩამოტვირთვის და არც რომელიმე საბაჟო ოპერაციაში მოქცევის ნებართვა შემოსავლების სამსახურის მხრიდან გაცემული არ იყო. შესაბამისად, ყოვლად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მოხდა. ჩვენ ვთანამშრომლობთ არამხოლოდ აშშ-სთან, არამედ ევროკავშირის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან. ძველ თუ ახალ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით შესაბამის სამსახურებს შორის არის ძალიან დეტალური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.