ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკას.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ელჩობის პერიოდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება.
ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს ქვეყნის განვითარებაში, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობაზე ევროინტეგრაციის პროცესში.
ლაშა ხუციშვილმა ევროკავშირის ელჩს გააცნო ეკონომიკაში მიმდინარე ვითარება, 2022 წლის განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები. საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. ასევე საუბარი შეეხო EU სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში იდენტიფიცირებულ საფლაგმანო პროექტებს და საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის განახლების პროგრესს.
შეხვედრის დასასრულს, პაველ ჰერჩინსკიმ აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.