ლაშა ხუციშვილი - პანდემიის მიუხედავად ბიუჯეტის შესრულების პრობლემა არ შეიქმნება
ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ შეექმნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა.
მინისტრმა ისაუბრა პანდემიის გავლენაზე ეკონომიკასა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2021 წელს გადაჭარბებით შესრულდება.
„ბიუჯეტს პრობლემა არ ექნება და მოლოდინი გვაქვს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულ 4.3-პროცენტიან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე აუცილებლად გავალთ“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზთან დაკავშირებით ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი (ADB) კონსერვატიულია, მან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.5 პროცენტამდე შეამცირა, თუმცა სხვა შეფასებებში ემთხვევა საქართველოს მთავრობის გათვლებს.
ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, მარტში ეკონომიკის 4-პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელი აპრილში კიდევ უფრო გაიზარდა და ბიუჯეტში განსაზღვრული ზრდის მაჩვენებელი რეალისტურია.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც (IMF) პროგრამის გაგრძელებაზეც, თუმცა ამ ეტაპზე მიდის მსჯელობა პროგრამის მთავარ შემადგენელ ნაწილზე.