ლაშა ხუციშვილი - ორი წლის განმავლობაში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც.
მინისტრი გამოეხმაურა დეკემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას, რომლის მიხედვითაც, დეკემბრის თვეში ეკონომიკა რეალურ გამოსახულებაში გაიზარდა 11%-ით, ხოლო საშუალო, 12 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 10,1%.
„აღსანიშნავია ის, რომ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები გაიზარდა დეკემბრის თვეში 18%-ზე მეტით, რამაც, ბუნებრივია, ასახვა ჰპოვა საგადასახადო შემოსავლებზეც. მიმდინარე წელს, იანვარში დაფიქსირდა საგადასახადო შემოსავლების 30%-იანი ზრდა. უკვე მეორე წლის განმავლობაში, საქართველოში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გასულ წელს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო ექსპორტის მნიშვნელოვანია ზრდა, რომელიც გაიზარდა 30%-ზე მეტად და ასევე ტურიზმის აღდგენა, რომელმაც გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 7-8%-ით. ბუნებრივია, აღნიშნული მაჩვენებლები აისახება დასაქმების შედეგებზეც,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.