ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მდგრადი განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სამე ნაგუიბ ვაბას და მსოფლიო ბანკის ურბანული განვითარების, ბუნებრივი კატასტროფების მართვისა და მიწის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელს, კრისტოფ პუშს შეხვდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის, ხაზი გაესვა ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაწყების მნიშვნელობას.

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე და მომავალი წლის ფისკალურ პარამეტრებზე.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსოფლიო ბანკი გააგრძელებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას.